უკრაინის დაზვერვის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე სამი რუსი სამხედრო მოსამსახურე. ამ თავდასხმას ადგილობრივმა იატაკქვეშა ჯგუფებმა "შურისძიების აქტი" უწოდეს. აფეთქება მოხდა შაბათს, რუსი ოფიცრების შეხვედრის დროს ქალაქში, რომელიც რუსული ძალების ცენტრს წარმოადგენს ქვეყნის სამხრეთში, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს სარდლობის განცხადებაში.
შურისძიების ეს აქტი, რომელიც განხორციელდა ადგილობრივი წინააღმდეგობის ძალების წარმომადგენლების მიერ, მოხდა რუსების მიერ დაკავებულ ოფისში, წერია განცხადებაში. ინციდენტის შესახებ რუსი ოფიციალური პირების მხრიდან განცხადება არ გაკეთებულა.
Reuters-მა ვერ შეძლო უკრაინის განცხადების გადამოწმება.
დაზვერვის თანახმად, 11 ნოემბერს ადგილობრივ სამხედრო შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის ეროვნული გვარდიისა და "ეფესბეს" სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები.
"აფეთქების შედეგად ეროვნული გვარდიის სულ მცირე სამი ოფიცერი დაიღუპა შტაბ-ბინაში, - ნათქვამია განცხადებაში, - მტრის სხვა დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება". განცხადების თანახმად, არეალში პოლიცია მივიდა და მოგვიანებით შენიშნეს, როგორ მიჰქონდათ დამწვარი მანქანა ბუქსირით.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში 2022 წლის თებერვალში დაიწყო. უკრაინამ კონტრშეტევა სამხრეთში და აღმოსავლეთში მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში წამოიწყო, მაგრამ ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა.
უკრაინის სამხედროები სულ უფრო აქტიურობენ რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე, სადაც აწყობენ თავდასხმებს, რომელთაც ყოველთვის არ აღიარებენ. უკრაინულმა ძალებმა სექტემბერში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში. უკრაინული მედიის ცნობით, გასულ კვირას ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ სკადოვსკზე თავდასხმის სამიზნეც რუსი ოფიცრები იყვნენ.