Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისელი სომეხი - „მისტერ გარბო“


რეჟისორ რუბენ მამულიანიs ფილმი „ოქროს ბიჭი“ (აშშ, 1939)
რეჟისორ რუბენ მამულიანიs ფილმი „ოქროს ბიჭი“ (აშშ, 1939)

თბილისის წლევანდელი საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სექცია ამერიკული კინოს კლასიკოსის, რუბენ მამულიანის რეტროსპექტივაა.

„ოქროს ბიჭი“ (აშშ, 1939, რეჟისორი რუბენ მამულიანი)

ეს პროგრამა მხოლოდ 5 ფილმისგან შედგება, მაგრამ უაღრესად ზუსტად გამოხატავს რეჟისორის უნარს შეეჭიდოს განსხვავებულ ჟანრებს და არასდროს არ იყოს ერთნაირი. თუმცა, რა თქმა უნდა, მამულიანის სტიქია მაინც მიუზიკლია. ხმოვანი კინოს სპეციფიკის ადვილად ათვისებაში მას ბროდვეიზე მუშაობის გამოცდილება დაეხმარა. 30-იან წლებში, როდესაც ფილმი-რევიუ ჰოლივუდის ყველაზე პოპულარული ჟანრი ხდება, მამულიანმა აქაც მოახერხა ყოფილიყო ყველა ავტორისგან განსხვავებული („ამაღამ შემიყვარე“ ყველაზე ადრეულია. პრემიერა 1932 წელს მოეწყო). რუბენ მამულიანის მიუზიკლებში ხშირია - ერთი პერსონაჟი იწყებს სიმღერას, შემდეგ გარემო იცვლება, გადავდივართ სხვა გმირზე, სულ სხვა სივრცეში, მაგრამ მელოდიას ახლა ეს აიტაცებს. მუსიკისთვის შეზღუდული სივრცე არ არსებობს. მთელი ქალაქი, მეტიც, მთელი ამერიკა მღერის და ცეკვავს!

მუსიკა მამულიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. დედამისი თბილისის სომხური თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. როგორც ამბობენ, შესანიშნავად მღეროდა. მუსიკალური ნიჭით გამოირჩეოდა ბებიაც, მამამისის დედა, რომელსაც მამულიანი დიდხანს იხსენებდა, როგორც „კატო ბაბოს“. ქალებმა თავისას მიაღწიეს. მართალია მამამ, თბილისში ცნობილმა ბანკირმა და მეცენატმა, შვილი მოსკოვში გააგზავნა და აიძულა უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გაეგრძელებინა სწავლა, მაგრამ რუბენი აქაც თეატრმა გაიტაცა და ვახტანგოვის მოწაფე გახდა. მერე ბოლშევიკურ რევოლუციას ისევ თბილისში გამოექცა, თავის საყვარელ სახლს მიუბრუნდა დღევანდელ სანქტ-პეტერბურგის ქუჩაზე. თუმცა აქაც დიდხანს არ გაჩერდა - ლონდონში გააგრძელა სწავლა და ჯერ ბროდვეიზე, ბოლოს კი ჰოლივუდში აღმოჩნდა.

საბჭოთა კავშირში დიდი ხნის შემდეგ, 1971 წელს შემოუშვეს. როგორც ჩანს, აპატიეს „აბრეშუმის წინდები“, რომელიც თბილისის ფესტივალის პროგრამაშია ჩართული. არადა, მამულიანის ეს მუსიკალური ხუმრობა ხომ რიმეიკია ყველა დროის ანტისაბჭოთა ფილმისა „ნინოჩკა“, რომლის გაქირავება მეორე მსოფლიო ომის წლებში, როცა საბჭოთა კავშირი შეერთებული შტატების მოკავშირე გახდა, ამერიკაშიც კი შეაჩერეს. ჩვენში ამ ფილმმა მთლად მთავარი როლის შემსრულებელს, გრეტა გარბოსაც შეუქმნა პრობლემა. „ნინოჩკას“ გამო გარბოს გვარი ერთხანს საბჭოთა კინოლექსიკონებიდან ამოიღეს. რომ აღარაფერი ვთქვათ ფილმებზე გრეტა გარბოს მონაწილეობით, მათ შორის რუბენ მამულიანის „დედოფალ ქრისტინაზე“, რომელმაც მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, „ნადავლი კინოს“ სახით გადმოლახა საზღვარი. მამულიანს დიდი ძალისხმევა დასჭირდა კინოში დიდი მსახიობის დასაბრუნებლად. იმხანად მის რომანზეც წერდნენ გარბოსთან. მეტიც, მამულიანს ჰოლივუდში მეორე სახელი, „მისტერ გარბო“ შეარქვეს. სხვა ქალებიც აღმერთებდნენ - მარლენ დიტრიხი (ითამაშა მის ფილმში „სიმღერათა სიმღერა“, იგივე „ქებათა ქება“), ჯანეტ მაკდონალდი („ამაღამ შემიყვარე“), ირენ დანი („მაღალი, ტანადი, ლამაზი“), ჯინ ტირნი („ბეჭედი თითებზე“) და ბარბარა სტენვიკი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა რუბენ მამულიანის ფილმში „ოქროს ბიჭი“. დიდი რეჟისორის სწორედ ამ ნამუშევრის სრული ვერსია აღმოვაჩინე იუთუბზე, რომელიც მაშინაც კი, თუკი ვერ მოახერხეთ მამულიანის ფილმების ნახვა თბილისის კინოფესტივალზე, მეტ-ნაკლებად მაინც შეგიქმნით წარმოდგენას ამ დიდ ოსტატზე.

რუბენ მამულიანის მუსიკალური ნიჭი მხოლოდ მიუზიკლებში არ გამოვლენილა. წარმატებულ თეატრალურ კარიერაზე შეიძლებოდა უარი არც ეთქვა, რომ არა ხმის შემოსვლა კინოში. მამულიანი „ფონოგრამის ღმერთია“. 30-იან წლებში მან სხვებზე უკეთ შეძლო ატმოსფეროს შექმნა ბუნებრივი ხმაურებით, მოგვიანებით კი, როცა კინოში ფერი გაჩნდა, დაძაბულობის ზრდის, სასპენსის ეფექტი ტონებით და ნახევარტონებით გააძლიერა. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ რუბენ მამულიანმა ნამდვილი კინემატოგრაფიული სასპენსის შექმნით ალფრედ ჰიჩკოკსაც კი დაასწრო ფილმში „დოქტორი ჯეკილი და მისტერ ჰაიდი“ - ერთ-ერთ პირველ ნამდვილ ჰორორში, რომელიც ჰოლივუდში გადაიღეს.

დიახ. ჟანრის ოსტატია და ამაში დარწმუნდებით, თუკი „ოქროს ბიჭს“ ნახავთ - კრივის შესახებ გადაღებულ პირველ სერიოზულ ფილმს კინოს ისტორიაში. სხვათა შორის, მუსიკა, რომელიც ფილმისთვის ვიქტორ იანგმა დაწერა, „ოსკარის“ ნომინაციაში მოხვდა, ხოლო მოგვიანებით ამერიკის აკადემიამ „ოქროს ბიჭი“ სპორტის თემაზე გადაღებულ ყველა დროის საუკეთესო ფილმების ათეულში მოიხსენია. ისტორია ნიუ-იორკის გეტოში გაზრდილ ბიჭზე, რომელიც ვიოლინოზე დაკვრას თავს ანებებს და კრივით დაკავდება, მამულიანმა მელოდრამად აქცია. ეს ჟანრი მაინცდამაინც არ იტაცებდა, რაც ხანდახან ეტყობა ფილმს - თეატრალურ მიზანსცენებს და სქემატურ გმირებს. მაგრამ კინოს ისტორია არაა მხოლოდ „ფილმი“ - კინოს ისტორია ფილმის შექმნის, მისი გაქირავების, კუპიურების, ანუ ფილმის ისტორიაცაა. „ოქროს ბიჭის“ განახლება კი ამ თვალსაზრისით კიდევ დიდხანს გაგრძელდა.

„ოქროს ბიჭი“ ჰოლივუდის ვარსკვლავის, უილამ ჰოლდენის დებიუტია დიდ კინოში. მას შემდეგ უამრავ კარგ ფილმში გადაიღეს, „ოსკარით“ დააჯილდოვეს, ოდრი ჰეპბერნის საუკეთესო პარტნიორად აღიარეს, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე შერჩა ეს სახელი - „ჰოლივუდის ოქროს ბიჭი“. არადა, მამულიანის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად როლზე დიდხანს არ ამტკიცებდნენ. ბოლოს რეჟისორმა დახმარებისთვის ბარბარა სტენვიკს მიმართა. ამ ქალის სიტყვა ჰოლივუდში კანონი იყო. „მე მომწონს ეს ბიჭი!“ - განუცხადა სტენვიკმა პროდიუსერებს და მოსთხოვა დამწყებ მსახიობს ერთდროულად გაეარა ვიოლინოზე დაკვრის და კრივის კურსები... ჰოლდენი ყველაფერში დამორჩილდა, მერე კი მთელი ცხოვრება ახსენებდა სტენვიკს, რომ მისი მადლიერი იყო; ყოველი წლის 1 აპრილს თაიგულებს უგზავნიდა, „ოქროს ბიჭის“ პრემიერიდან დიდი ხნის შემდეგ კი, 1978 წელს, „ოსკარის“ მორიგი ცერემონიის წაყვანისას, ყველასთვის მოულოდნელად შეწყვიტა ნომინანტების გამოცხადება და მადლობა გადაუხადა სტენვიკს რუბენ მამულიანის ამ ფილმისთვის.

„ფილმის გადაღების დაწყებამდე ყველა ადამიანი უნდა შეიყვარო, ვისთანაც მუშაობა მოგიწევს“, - უთქვამს ერთხელ მამულიანს. თუკი ეს რეჟისორის შემოქმედებითი პრინციპი იყო, მაშინ გასაგებია, რატომ არის ასეთი განსხვავებული თავის ფილმებში. ვფიქრობ, კინოს მიმართ მამულიანის ასეთი მიდგომაც დიდი კლასიკოსის მუსიკალური ნიჭის გამოხატულებაა. სხვისი მოსმენის უნარი მაშინ ძლიერდება, როცა კარგი სმენა გაქვს.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG