Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონკურენციის სააგენტომ "ავერსი", "პსპ", "გეფა" და "მერმისი" ჯამში 53 მილიონამდე ლარით დააჯარიმა


საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას ფარმაცევტულ სექტორში 4 კომპანიის დაჯარიმების შესახებ. სააგენტომ "პსპ", "ავერსი", "გეფა" და "მერმისი" დააჯარიმა სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების შეთანხმების გამო. საუბარია 2021-2023 წლებში 42 მედიკამენტზე ფასების ფიქსაციაზე. სააგენტო ირწმუნება, რომ კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები 1 თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს.

სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა, რაც მოიცავს:

  • 23 შემთხვევას 2 კომპანიის მონაწილეობით;
  • 47 შემთხვევას 3 კომპანიის მონაწილეობით;
  • 18 შემთხვევას 4 კომპანიის მონაწილეობით.

"ავერსის" შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იდენტური ფასის 74 ფაქტს, "გეფას" ("ჯი პი სი", "ფარმადეპო") შემთხვევაში - ასევე 74 ფაქტს, "პსპ-ს" შემთხვევაში - 81 ფაქტს და "მერმისის" შემთხვევაში - 29 ფაქტს. სააგენტომ მოკვლევა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2023 წლის 23 მარტს გასაჯაროებული ინფორმაციის საფუძველზე. ამ ინფორმაციის თანახმად, ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორმა და რეალიზატორმა კომპანიებმა მედიკამენტებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტებზე იდენტური ფასები განსაზღვრეს. ამ დროს სამინისტრომ თქვა, რომ რიგ ონკოლოგიურ მედიკამენტზე აფთიაქებმა ფასი გააოთხმაგეს. მოკვლევის პროცესში სააგენტო ხსენებული 4 კომპანიის გარდა, სწავლობდა მეხუთე კომპანიის, "ეს კა იმპექსის" საქმიანობასაც, თუმცა მის შემთხვევაში დარღვევის ფაქტი არ დადგენილა.

სააგენტოს შეფასებით, 4 ფარმაცევტული კომპანიის ქმედება ზღუდავს კონკურენციას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის მძიმე ფორმა. ჯარიმები, რომლებიც კომპანიებს დაეკისრა, ასე ნაწილდება:

  • "ავერსი" - 14 402 425 ლარი;
  • "გეფა" - 20 349 336 ლარი;
  • "პსპ" - 17 094 872 ლარი;
  • "მერმისი" - 951 301 ლარი.

ფარმაცევტული კომპანიების დაჯარიმების ფაქტზე დღეს, 29 დეკემბერს, ბრიფინგი გაიმართება ჯანდაცვის სამინისტროშიც.

კონკურენციის სააგენტომ 2023 წელს 7 მოკვლევა ჩაატარა დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედებისა და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის მიმართულებებით. აქედან 1 შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, 1 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, 5 შემთხვევაში დარღვევა დადგინდა. მოკვლევები ეხებოდა საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, ფარმაციის, საზღვაო გადაზიდვების, ავტოტექნიკური ინსპექტირების, სწრაფი კვების მომსახურებისა და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მომსახურების ბაზრებს. ამ დროისთვის სააგენტო კვლავ აწარმოებს მოკვლევის პროცესს 3 საკითხთან დაკავშირებით. ესენია კანონის დარღვევის შესაძლო შემთხვევები კინოთეატრების ელექტრონული რეალიზაციის, ავტოსადგომების და საკვები პროდუქტების ბაზრების მიმართულებებით.

XS
SM
MD
LG