Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა დაგმო ერაყის ქურთისტანზე ირანის სარაკეტო დარტყმა


ფოტო არქივიდან. ქალაქ ერბილის რაიონი, სადაც აშშ-ის საკონსულო მდებარეობს
ფოტო არქივიდან. ქალაქ ერბილის რაიონი, სადაც აშშ-ის საკონსულო მდებარეობს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მკაცრად დაგმო ირანის შეტევა ერაყის ქურთისტანზე და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ ეწინააღმდეგება ირანის უგუნურ სარაკეტო დარტყმებს, რომლებიც ხელყოფს ერაყის სტაბილურობას. აშშ მხარს უჭერს ერაყის და ქურთისტანის რეგიონული მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ერაყის ხალხის მისწრაფებების დაკმაყოფილებისკენ.

ირანის სახელმწიფო მედიით 15 იანვარს, ღამით გავრცელებული ცნობებით, გვარდიამ, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“, სარაკეტო დარტყმები განახორციელა ისრაელის დაზვერვის სამსახურის, „მოსადის ჯაშუშების შტაბ-ბინაზე“ ერაყის ქურთისტანის ავტონომიაში. რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ ეს „შტაბ-ბინა" ირანსა და რეგიონში „ჯაშუშური ოპერაციების და ტერაქტების დაგეგმვის" ცენტრი იყო.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აფეთქებები მოხდა ქურთისტანის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ ერბილიდან 40 კილომეტრში მდებარე რაიონში, სადაც აშშ-ის საკონსულოც მდებარეობს. ამერიკული წყაროების თანახმად, საკონსულო არ დაზიანებულა.

ქურთისტანის ავტონომიის ხელისუფლების მონაცემებით, მოკლულია 4 და დაჭრილია 6 ადგილობრივი მცხოვრები. Reuters-ის წყაროთა ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ქურთი ბიზნესმენი, მილიონერი ფეშრავ დიზაი და მისი ოჯახის წევრები. რაკეტები მოხვდა სპეცსამსახურების ცენტრს და დაზვერვის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სახლსაც. ABC News-ის ინფორმაციით, მუშაობა შეაჩერა ერბილის აეროპორტმა, სადაც დასავლეთის კოალიციური ძალების სამხედროებმა სამი დრონი ჩამოაგდეს. ერაყის ქურთისტანის ავტონომიის უშიშროების საბჭომ ირანი დაადანაშაულა უსაფუძვლო საბაბით თავდასხმაში ისტორიულად სტაბილურ რეგიონზე, რომელსაც არასდროს არავისთვის საფრთხე არ შეუქმნია.

ირანი მიიჩნევა პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის მთავარ მფარველად. ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასი 2023 წლის ოქტომბერში თავს დაესხა ისრაელს, რომელმაც პასუხად ომი გამოუცხადა.

ირანის მოკავშირეა ლიბანში მოქმედი რადიკალური დაჯგუფება ჰეზბოლაც, რომელიც პერიოდულად თავს ესხმის ისრაელის ტერიტორიას. ირანი მხარს უჭერს იემენში მოქმედ მეამბოხე ჰუთებსაც, რომლებიც ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ, წითელ ზღვაში თავს ესხმიან გემებს.

XS
SM
MD
LG