Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი ზალუჟნი 2024 წლის 3 მთავარ ამოცანას ასახელებს


უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ, რომლის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების შესახებ ბოლო დღეებში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ძირითადი ამოცანები დაასახელა.

გენერალ ზალუჟნის სტატია 1 თებერვალს გამოაქვეყნა ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა. უფრო ვრცელი ვერსია უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

„ომის დიზაინი შეიცვალა“, - წერს უკრაინელი გენერალი. ვალერი ზალუჟნის თანახმად, გამარჯვება უნიკალურ ლოგიკას მისდევს და უნიკალური სტრატეგია სჭირდება.

გენერალი ზალუჟნი მიიჩნევს, რომ 2024 წელს ძირითადი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს სამი სფეროსკენ: მაღალტექნოლოგიური საშუალებებით უკრაინის შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფის სისტემის შექმნის, საბრძოლო მოქმედებების მომზადებისა და წარმოების ახალი ფილოსოფიის დანერგვის და რაც შეიძლება სწრაფად ახალი საბრძოლო შესაძლებლობების ათვისებისკენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს უპილოტო საფრენი აპარატების სისტემის განვითარებაზე. ვალერი ზალუჟნის თანახმად, ეს სისტემა სხვა თანამედროვე იარაღთან ერთად უკრაინისთვის საუკეთესო საშუალებაა არამომგებიანი პოზიციური საბრძოლო მოქმედებებიდან გამოსასვლელად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის შეფასებით, საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სისუსტე ნიშნავს, რომ რუსეთს, ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან თანამშრომლობით, ჯერ კიდევ შეუძლია თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ამუშაოს ომში უკრაინის გამოსაფიტად. ვალერი ზალუჟნი წერს, რომ რუსეთს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს ადამიანური რესურსების მობილიზაციის მხრივაც, უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტები კი ვერ ახერხებენ შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის გაზრდას, რაც შეუძლებელი იქნება არაპოპულარული ზომების გარეშე.

გენერალი ზალუჟნი არასრულყოფილს უწოდებს უკრაინის ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზას და პრობლემად მიიჩნევს სამხედრო მრეწველობის ნაწილობრივ მონოპოლიზაციას, რაც აძლიერებს, მაგალითად, მოკავშირეებისგან საბრძოლო მასალების მიღებაზე უკრაინის დამოკიდებულებას. ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინას სჭირდება ტექნოლოგიური გადაიარაღების სრულიად ახალი სახელმწიფო სისტემა, რომლის შექმნა ხუთ თვეშია შესაძლებელი.

ბოლო დღეებში უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუალებებით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 იანვარს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გენერალ ვალერი ზალუჟნის შეხვდა და აცნობა, რომ მთავარსარდლის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებულია.

2023 წლის ბოლოს, უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუალებები არაერთხელ იუწყებოდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შორის კონფლიქტია. წყაროთა თანახმად, ზელენსკი გაღიზიანებული იყო ზალუჟნის მზარდი პოპულარობით და გენერლის საჯარო განცხადებით ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ.

2023 წლის ნოემბერში, გენერალმა ზალუჟნიმ გამოცემა The Economist-ს განუცხადა, რომ ფრონტზე სიტუაცია ჩიხში შევიდა და იმის გამო, რომ უკრაინა და რუსეთი ტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთნაირად აღჭურვილი არიან, ომი პოზიციური ბრძოლის ეტაპზე გადავიდა. შეფასებას პატური სიტუაციის შესახებ ზელენსკი არ დაეთანხმა. მოგვიანებით, გამოცემა The Sun-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ სამხედროები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას აპირებენ, ომით აღარ უნდა დაკავდნენ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ზელენსკის და ზალუჟნის კონფლიქტს უარყოფდნენ.

2024 წლის 24 თებერვალს ორი წელი შესრულდება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმის გარდა, რუსეთი ამჟამად ნაწილობრივ აკონტროლებს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს.

XS
SM
MD
LG