Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილმა არ უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლი?


შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ. შეკითხვა, არის თუ არა ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლი? - პაპუაშვილმა უპასუხოდ დატოვა. „რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება... კომენტარს რომ არ ვაკეთებ, ახლა, მიზეზებს ხომ არ ავხსნი?!“ - უთხრა პარლამენტის სპიკერმა მედიას.

ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.

უწყების თანახმად, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, სასწრაფო დახმარება ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, ხოლო ექიმები ნავალნის რეანიმირებას ნახევარი საათის მანძილზე ცდილობდნენ.

პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა კომენტარზე უარი განაცხადა. მან დააზუსტა, რომ უფლებადამცველმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი ნორმალურად იყო. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა.

სიკვდილის მიზეზი ჯერ დადასტურებული არ არის.

ნავალნის სიკვდილს გამოეხმაურნენ მსოფლიო ქვეყნების ლიდერები, NATO-სა და ევროკავშირის მეთაურები. მათ განცხადებებში ერთი მესიჯი იკითხება - ალექსეი ნავალნი პუტინის რეჟიმის მორიგი მსხვერპლია.

ეს რეაქცია კრემლის პროპაგანდამ უკვე გამოიყენა საპასუხო დარტყმისთვის.

NATO-ს ქვეყნების ლიდერების „მომენტალური“ რეაქცია მათსავე ინტერესებს ამხელს, - დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.

ნავალნის სიკვდილის შესახებ გავრცელებული ცნობების პარალელურად, ვლადიმირ პუტინი რუსეთის ცენტრალურ ნაწილში ქალაქ ჩელიაბინსკს სტუმრობდა, სადაც ადგილობრივ სტუდენტებს შეხვდა.

მთავარი პოლიტიკური ოპონენტის სიკვდილი პრეზიდენტს არც კი უხსენებია.

ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო. წლების მანძილზე ის და მის მიერ დაარსებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ ამხელდა ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის კორუფციულ გარიგებებს. ნავალნის დარჩა ცოლი და ორი შვილი.

XS
SM
MD
LG