Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც აშშ-ს და უკრაინასაც ეხება


რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინის (მარცხნივ) და სი ძინპინის შეხვედრა 16 მაისს პეკინში გაიმართა.
რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინის (მარცხნივ) და სი ძინპინის შეხვედრა 16 მაისს პეკინში გაიმართა.

რუსეთი დადებითად აფასებს ჩინეთის „ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას უკრაინის საკითხში და იზიარებს მიდგომას, რომლის თანახმად, კონფლიქტები უნდა გადაწყდეს გაეროს წესდების საფუძველზე მისი მთელი სისრულით და ერთობლიობით”. ამის შესახებ, როგორც რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები წერენ, საუბარია რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინის და სი ძინპინის მიერ პეკინში დღეს, 16 მაისს, ხელმოწერილ განცხადებაში.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 75-ე წლისთავის კონტექსტში” ხელმოწერილი ერთობლივი განცხადება ეხება „ყოვლისმომცველი პარტნიორობის და სტრატეგიული ურთიერთქმედების გაღრმავებას”, რომელიც „ახალ ეპოქაში“ შედის.

უკრაინის შესახებ განცხადებაში წერია, რომ მხარეები აუცილებლად მიიჩნევენ შეწყვეტას ნებისმიერი ნაბიჯების, რომლებიც ხელს უწყობს საბრძოლო მოქმედებების გაჭიანურებას და კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას. მოსკოვის და პეკინის მოწოდებაა, რომ უნდა აღიკვეთოს კონფლიქტის გადასვლა „უკონტროლო ფაზაში“.

პუტინი და სი ძინპინი ხაზს უსვამენ დიალოგის, როგორც „უკრაინის კრიზისის გადაწყვეტის ოპტიმალური ფორმის“ მნიშვნელობას. მხარეთა პოზიციაა, რომ „უკრაინის კრიზისის მდგრადი მოგვარებისთვის საჭიროა მისი პირველმიზეზის მოცილება და უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის დაცვა და უსაფრთხოების სფეროში ყველა ქვეყნის კანონიერი ინტერესების და შეშფოთების გათვალისწინება".

სააგენტო „ტასს“ მოჰყავს კიდევ რამდენიმე პუნქტი პუტინის და სი ძინპინის მიერ ხელმოწერილი განცხადებიდან, რომელიც სხვადასხვა სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხების გარდა, ეხება მათ პოზიციასაც ამერიკის შეერთებული შტატებისადმი.

რუსეთი და ჩინეთი შეერთებული შტატებისგან მოითხოვენ სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობის შეწყვეტას და მიიჩნევენ, რომ ამერიკის და ნატოს სტრატეგიები უარყოფით გავლენას ახდენენ სიტუაციაზე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. მოსკოვი და პეკინი გმობენ ინიციატივებს უცხო სახელმწიფოების აქტივების და ქონების კონფისკაციის შესახებ. ეწინააღმდეგებიან ცალკეული ქვეყნების მცდელობებს, კოსმოსური სივრცე გამოიყენონ შეიარაღებული კონფრონტაციის მიზნებისთვის. ეწინააღმდეგებიან აშშ-ის „ჰეგემონურ მცდელობებს", შეცვალოს ძალთა ბალანსი ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში და სერიოზულად აშფოთებთ აშშ-ის მცდელობები „დაარღვიოს სტრატეგიული ბალანსი".

პუტინის და სი ძინპინის განცხადების მიხედვით, რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებიან „სამხედრო სფეროში“ აშშ-ის და მისი მოკავშირეების „დაშინების აქციებს“, რომლებიც ახდენენ ჩინეთთან „შემდგომი კონფრონტაციის პროვოცირებას".

ჩინეთში პუტინის ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტი 16 მაისს დაიწყო. დილით პეკინში გაიმართა სი ძინპინის და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებები - ჯერ ვიწრო, შემდეგ კი გაფართოებული შემადგენლობით. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, შეხვედრა საერთო ჯამში 2,5 საათს გაგრძელდა.

რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ჩინეთის ოფიციალური პოზიცია ნეიტრალურია. ამასთან, პეკინმა დასავლეთის მიერ სანქცირებულ რუსეთთან ვაჭრობა გაზარდა და აწვდის ისეთ საქონელსაც, რომელსაც რუსეთი სამხედრო მრეწველობაში იყენებს.

დასავლეთის სახელმწიფოებმა ჩინეთი არაერთხელ გააფრთხილეს, რამდენად სარისკოა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდაჭერა.

2023 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, ჩინეთმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელსაც უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკური გზებით მოგვარების საფუძვლად მიიჩნევს. უკრაინამ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ პეკინის გეგმა არ მოიცავს რეალურ წინადადებებს მშვიდობის დასამყარებლად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG