თბილისის სააპელაციოში საპარლამენტო არჩევნებზე სააპელაციო სარჩელების განხილვა დაიწყო. სასამართლოს ეზოში შესასვლელ ჭიშკართან კი დილიდან პოლიციაა მობილიზებული - მოქალაქეებს, რომელთა საქმეც არ განიხილება, შიგნით არ უშვებენ.
სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს ჟურნალისტები, რომლებსაც სხდომაზე დასწრების განცხადება ჰქონდა დაწერილი. სხდომას მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს. მანდატურებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ დარბაზში მათი ადგილი აღარ არის.
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “სამართლიანი არჩევნების” საჩივრები, რომლითაც ის ასაჩივრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ორ ოლქთან, ჩუღურეთისა და კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით და ითხოვდა ბიულეტენების ხელახლა გადათვლას.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ შეცვალა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც 4 ნოემბერს გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიას დაავალა 15 უბნის ბიულეტენების გადათვლა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
სააპელაციო სასამართლოში იწყება სხდომა, სადაც მოსამართლემ უნდა განიხილოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები, რომელიც გულისხმობს არჩევნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით, ანუ ელექტრონული სისტემით ჩატარდა.
სხდომაზე, რომელიც ცოტა ხანში უნდა დაიწყოს, სააპელაციო სასამართლომ გააერთიანა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი სარჩელების განხილვაც. საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომ ისინი საიას სარჩელების ცალკე განხილვის შუამდგომლობას დააყენებენ:
„ჩვენ არ ვიცით ზუსტად როგორ წარიმართება ეს პროცესი, რადგან გაერთიანებულია არაერთი საქმე, მათ შორის, სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებზე და ამ მოცემულობაში როგორ უნდა მოხდეს ამ საქმის სრულყოფილი განხილვა გაუგებარია. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ საქმე გამოიყოს და ცალ-ცალკე მოხდეს მისი განხილვა, რადგან მისი ერთობლივად განხილვა შეუძლებელია. მოვითხოვთ, რომ ჩვენი სარჩელები, რომლებიც ეხება ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობას ფარულობის პრინციპის დარღვევის გამო, გამოიყოს ცალკე“.
დღევანდელ სხდომაზე განიხილება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი საჩივარიც, რომელიც შეეხება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. 4 ნოემბერს, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ არჩევნების დღეს ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელი დაკმაყოფილა. საარჩევნო ადმინისტრაცია დღევანდელ სააპელაციო სხდომაზე სწორედ ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
ფორუმი