თამარ კორძაიამ სასამართლოზე ისაუბრა მოქალაქე შამილ შუგაევზე, რომელმაც უბანზე დააფიქსირა ხმის ფარულობის დარღვევა, მას არ დააწერინეს საჩივარი, "ამ პრობლემას დღეს ვერ მოვაგვარებთო". მან დარეკა ცხელ ხაზზე და რეაგირება არ მოახდინეს.
"ეს არის დადასტურება, რომ არათუ საჩივარი, არამედ ცხელ ხაზზეც შევიდა შეტყობინება ამაზე. მან მიმართა ცესკოს მიეწოდებინა ეს ჩანაწერი, მაგრამ არ მიაწოდეს", - ამბობს თამარ კორძაია და მიმართავს სასამართლოს დაავალოს ცესკოს ამ ჩანაწერის სასამართლოსთვის წარდგენა.
"ეს ჩანაწერი არის პერსონალური ინფორმაცია, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს წარმოადგენს და მისი დამუშავება ამ პირის თანხმობითაა შესაძლებელი, რომელიც თან უნდა ახლდეს მტკიცებულებას", - თქვა ცესკოს წარმომადგენელმა.
ენმ ამბობს, რომ საქმეს უკვე ახლავს ამ პირის ხელმოწერილი განცხადება თხოვნით, მიაწოდონ ჩანაწერი სასამართლოს დახმარებით.
"აღნიშნული მტკიცებულება მოცემული შუამდგომლობის დაკმაყოფილებისთვის ვერ ლახავს მტკიცებულებათა სტანდარტს, არ ვიცით ეს არის თუ არა შამილ შუბაევის ხელმოწერა, მართლა მან დარეკა თუ არა და მართლა ამ ნომერზე დარეკა თუ არა", - თქვა მოსამართლემ და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ნაციონალური მოძრაობა ითხოვს მოწმეებად დაიკითხონ საოლქო კომისიებში ენმ-ის წარმომადგენლები.
თამარ კორძაიას თქმით, ისინი სასამართლოში იმყოფებიან და "მზად არიან სიმართლე ისაუბრონ იმ საარჩევნო დარღვევებზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია ჰქონდათ, არ აისახა საოლქო კომისიებში და არ განიხილეს".
მათ დაწერეს განსხვავებული აზრები საოლქო კომისიებში შემაჯამებელ ოქმებზე.
გიორგი სანტურიანის პოზიციით, ოლქის ოპოზიციონერი წარმომადგენლების განსხვავებული აზრი უკვე ახლავს საქმეს და მათი გამოკითხვა საჭირო არაა.
მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა "უსაფუძვლობის გამო" არ დააკმაყოფილა და ისევ დავის საგანზე მიუთითა.
ცესკოსთან ქალების აქცია ხმაურის და პოლიციის მობილიზაციის ფონზე იმართება
"თქვენ ხართ უვადოდ დანიშნული მოსამართლე და მე ვარ დეპუტატი, რომელმაც მხარი დაუჭირა მოსამართლეების უვადოდ გამწესებას, იმედი მაქვს ეს არ მექნება სანანებელი", - მიმართა მოსამართლეს ივერი აბაშიძეს თამარ კორძაიამ.
"პოლიტიკური ტრიბუნა არ არის, გარეთ გააკეთეთ მედიასთან ეს განცხადებები", - უპასუხა მოსამართლემ, რასაც თინა ბოკუჩავას რეპლიკა მოჰყვა:
"პოლიტიკურ დაკვეთას ნუ შეასრულებთ"
მოსამართლე: "ხელს მიშლით"
თინა ბოკუჩავა: "არჩევნების გაყალბების გამართლებაში გიშლით ხელს?".
ამ წუთებში შუამდგომლობებს თამარ კორძაია წარადგენს ენმ-ის სახელით.
ფორუმი