"ევროკავშირი დგას საქართველოს ხალხსა და მის არჩევანთან - ჰქონდეს ევროპული მომავალი. ევროკავშირში შესასვლელი კარი ღია რჩება და საქართველოს ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია" - წერია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის,ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მართა კოსის ერთობლივ განცხადებაში.
"ევროკავშირი გამოხატავს სინანულს 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებსა და ევროკავშირისგან ფინანსურ დახმარებაზე უარის შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე ირაკლი კობახიძის განცხადების გამო.
შევნიშნავთ, რომ ეს განცხადება აჩვენებს საქართველოს ყველა ადრინდელი მთავრობის პოლიტიკისა და საქართველოს ხალხის უდიდესი უმრავლესობის ევროპული სულისკვეთებისგან გადახვევას, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული" - ვკითხულობთ დოკუმენტში, რომელშიც დაზუსტებულია, რომ გაწევრიანების პროცესი ირაკლი კობახიძის განცხადებამდე თვეებით ადრე შეჩერდა:
"შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების კურსმა და დემოკრატიის უკუსვლამ მიმდინარე წლის ივნისში უკვე გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება და ის, რომ შეჩერებულია ევროკავშირის ფინანსური დახმარების პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილი ნაწილი".
კაია კალასი და მართა კოსი ეხმაურებიან საქართველოს მოქალაქეების პროტესტსა და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა მიმართ ძალადობრივ მოპყრობას
მესამე დღეა კახეთის მუნიციპალურ ცენტრებში საპროტესტო აქციებია ევროკავშირთან ინტეგრაციის აღდგენის და ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნებით.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება და წერს, რომ წუხს საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან დაშორების გამო.
მისი მისი სიტყვებით, ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას.
„ევროკავშირის კარი ღია რჩება. ევროკავშირის გზაზე საქართველოს დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია“, – წერს ურზულა ფონ დერ ლაიენი და აზიარებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში შეკრებილმა დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო გზა გადაკეტეს, მას შემდეგ რაც მათ საზმაუს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე უარი უთხრეს. დემონსტრანტებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის: დაეთმოს უწყვეტი ეთერი ხალხს, რომელიც მეოთხე დღეა ქუჩაში პროევროპულ აქციებს მართავს; ოპოზიციონერ ლიდერებსა და პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს.
ამას გარდა, დემონსტრანტები საზმაუს გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომასაც მოითხოვენ.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნინია კაკაბაძემ თქვა, რომ გზას მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ გახსნიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
საზმაუს შენობასთან აქცია, გუშინ 30 ნოემბერსაც გაიმართა. მოქალაქეები თავისუფალ ეთერს მოითხოვნენ. აქციის დაწყებიდან მალევე, დემონსტრანტებთან ჩავიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე.
ფორუმი