Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია „ოცნებასთან“ დაკავშირებული ელიტის სანქცირებას ითხოვს - ნახეთ სია


ახალი რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სანქცირებას მოითხოვენ. მარცხნიდან: უტა ივანიშვილი, ცოტნე ივანიშვილი, გვანცა ივანიშვილი, ეკატერინე ხვედელიძე, ბიძინა ივანიშვილი და ბერა ივანიშვილი
ახალი რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სანქცირებას მოითხოვენ. მარცხნიდან: უტა ივანიშვილი, ცოტნე ივანიშვილი, გვანცა ივანიშვილი, ეკატერინე ხვედელიძე, ბიძინა ივანიშვილი და ბერა ივანიშვილი

13 თებერვალს ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას განიხილავს. რეზოლუციის პროექტი არ აღიარებს „ქართული ოცნების“ მთავრობის ლეგიტიმაციას, მოითხოვს მასთან დაკავშირებული ელიტისთვის სანქციების დაწესებასა და აქციების დროს დაპატიმრებულების გათავისუფლებას.

ევროპარლამენტი განაგრძობს განხილვებს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. 13 თებერვალს ევროპარლამენტარები განიხილავენ მორიგ რეზოლუციას. რადიო თავისუფლებამ ნახა რეზოლუციის შეჯერებული პროექტი, რომელიც ერთად წარადგინეს ევროპარლამენტის ძირითადმა ჯგუფებმა.

ახალი რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტარებმა გააფართოვეს იმ ადამიანების სია, ვისთვისაც ევროპული სანქციების დაწესებას ითხოვენ.

რეზოლუციის მიღების შემთხვევაში, ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებს, პროპაგანდისტებსა და იმათ, ვინც ხელს უწყობს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს“.

ევროპარლამენტარების თანახმად, ამ კატეგორიებში შემავალი ადამიანების სია ასე გამოიყურება, თუმცა არასრულია:

  • ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები - მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე და შვილები - უტა, ცოტნე, ბერა და გვანცა ივანიშვილები; ძმა - ალექსანდრე ივანიშვილი; დისშვილი - შმაგი კობახიძე; დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილი
  • ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა
  • ბიზნესმენები - ვანო ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე (ზედმეტსახელად „რიჟა)
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე
  • ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ილია წულაია
  • კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე და ბიზნესმენი კახა ბექაური
  • პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ლაშა ნაცვლიშვილი
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე; გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი
  • მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი
  • ტელეკომპანია „იმედის“ და „ლიბერთი ბანკის“ თანამფლობელი ირაკლი რუხაძე
  • საქართველოს ავიახაზების, „ჯორჯიან ეარვეისის“ მფლობელი თამაზ გაიაშვილი
  • ბიზნესმენები და პოლიტიკოსები ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე

ევროპარლამენტარები საქართველოს შესახებ მიღებული წინა რეზოლუციის მსგავსად, ახლაც ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და ირაკლი ღარიბაშვილის სანქცირებას.

12 თებერვალს რეზოლუციის პროექტს აბუ-დაბიში გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, "ქართული ოცნებისთვის" ევროპარლამენტის რეზოლუციას "ჩალის ფასი აქვს".

ევროკავშირის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია - „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ სანქციებს უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან. შესაბამისად, რეზოლუცია წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს ეროვნულ დონეზე ინდივიდუალური სანქციების დაწესებისკენ.

ზურაბიშვილი საქართველოს წარმომადგენლად

წინა რეზოლუციის მსგავსად, რომელიც ევროპარლამენტმა 2024 წლის 28 ნოემბერს მიიღო, ევროპარლამენტარები ამჟამინდელი რეზოლუციის პროექტშიც არ აღიარებენ 26 ოქტომბრის არჩევნების სამართლიანობას და „ქართული ოცნების“ მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებენ.

„ფართომასშტაბიანმა საარჩევნო გაყალბებამ ძირი გამოუთხარა არჩევნების სანდოობას, შედეგის ლეგიტიმაციას და შიდა თუ გარე საზოგადოების ნდობას ნებისმიერი მთავრობის მიმართ“, - ვკითხულობთ ტექსტში.

ევროპარლამენტარები ევროკავშირის ინსტიტუტებს, წევრ სახელმწიფოებსა და ეროვნულ პარლამენტებს მოუწოდებენ, არ ცნონ „ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტისა და მათ მიერ დანიშნული პრეზიდენტის“ ლეგიტიმაცია.

ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც, მათი აზრით, მომდევნო თვეების განმავლობაში უნდა ჩატარდეს „გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით“. ისინი მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, გამოვიდნენ იმავე მოთხოვნით.

რეზოლუცია საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს ცნობს. რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ევროპარლამენტარები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, ზურაბიშვილი საქართველოს წარმომადგენლად მიიწვიოს ევროპული საბჭოს შემდეგ შეხვედრასა და ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე.

პატიმრების გათავისუფლება

რეზოლუციის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნას.

ევროპარლამენტარები მოითხოვენ, „დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი და ანტისამთავრობო პროტესტის დროს დაკავებული ადამიანი“.

ევროპარლამენტარები ამავე პუნქტში მოითხოვენ „ბათუმელების“ დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებასაც.

ცალკე პუნქტი ეთმობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „დაუყოვნებლივ გათავისუფლების“ მოთხოვნას „ჰუმანიტარული, კერძოდ კი, მისი საზღვარგარეთ მკურნალობის მიზეზებით“.

ევროპარლამენტარები რეზოლუციას კენჭს ხუთშაბათს, 13 თებერვალს უყრიან. შესაძლებელია, შეჯერებულ ვარიანტში ახალ ცვლილებებსაც ეყაროს კენჭი. საქართველოს საკითხი დღის წესრიგში თბილისის დროით 15:00 საათზეა შეტანილი.

ევროპარლამენტის რეზოლუციებს სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და დიდწილად სიმბოლური ხასიათისაა - გამოხატავს ევროპარლამენტარების პოლიტიკურ პოზიციას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG