Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“უკეთაც შეიძლებოდა” - რუსი პროპაგანდისტები აფხაზეთის ე.წ. არჩევნებზე მეტს ელოდნენ


მეორე ტურის დანიშვნას კრემლის პოლიტიკის წარუმატებლობას უწოდებენ
მეორე ტურის დანიშვნას კრემლის პოლიტიკის წარუმატებლობას უწოდებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფავორიტმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა. კრემლის პროპაგანდისტები იმედგაცრუებულები ჩანან.

“ჩინებული შედეგია”, - ამბობს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრა გუნბა სოც.ქსელებით გავრცელებულ ვიდეოში.

15 თებერვალს ჩატარებულ კენჭისყრაში კრემლის ფავორიტ გუნბას ხმების 46 პროცენტი ერგო, მის მთავარ კონკურენტ ადგურ არძინბას კი - 37.

მეორე ტური პირველ მარტს უნდა გაიმართოს.

“ორი კვირა კიდევ გვაქვს, არ მოვდუნდეთ და აუცილებლად დავდებთ შედეგს, რომელიც ჩვენს გუნდს დააკმაყოფილებს”, - მიმართავს გუნბა მხარდამჭერებს ვიდეოს დასასრულს.

მაგრამ გუნბას ოპტიმიზმს არ იზიარებენ რუსი პროპაგანდისტები, რომლებიც ქებას არ იშურებდნენ და მის დამაჯერებელ გამარჯვებას ელოდნენ.

“არასაკმარისი ძალისხმევა”

ზოგის შეფასებით, ბადრა გუნბას პირველ ტურში ვერგამარჯვება კრემლის პოლიტიკის წარუმატებლობაა.

“უკეთაც შეიძლებოდა”, - წერს სამხედრო პროპაგანდისტი მიხაილ ზვინჩუკი, რომლის აზრით, კრემლი მეტად უნდა ჩარეულიყო ოკუპირებული რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

აფხაზეთში შექმნილი ვითარება აჩვენებს, რომ “არასაკმარისი ძალისხმევა გავიღეთ და წინა წლებში არცთუ ისე ეფექტური პოლიტიკა გვქონდა”, - წერს ზვინჩუკი.

იგი ამტკიცებს, რომ სოხუმს ყურადღება დაგვიანებით, მხოლოდ “შემოდგომის გადატრიალების” შემდეგ მიაქციეს.

“შემოდგომის გადატრიალება” ნოემბერში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციებია. აფხაზები ქუჩაში გამოვიდნენ საინვესტიციო ხელშეკრულების წინააღმდეგ, რომელსაც კრემლი სოხუმს თავს ახვევდა.

ეს ხელშეკრულება რუსულ ბანკებსა და კორპორაციებს აფხაზეთში საგადასახადო შეღავათებს და სხვა პრივილეგიებს აძლევდა.

აფხაზეთში მას “კაბალური” უწოდეს.

აქციების ფონზე, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგა და აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი არჩევნები დაინიშნა. კრემლმა კი აფხაზეთზე პასუხისმგებლად ვლადიმირ პუტინის მრჩეველი, წარმოშობით სოხუმელი სერგეი კირიენკო დანიშნა.

კირიენკო აფხაზებს ხელშეკრულების პირობების შემსუბუქებას და დაახლოებით 5 მილიონი დოლარის დახმარებას დაჰპირდა.

კრემლის პროპაგანდა კი შეუდგა გუნბას ქებას და მისი მთავარი კონკურენტის, ადგურ არძინბას გაშავებას.

მხოლოდ ფული

მაგრამ ახლა კრემლის კომენტატორები ამბობენ რომ ეს არასაკმარისია და სოხუმმა ჯერჯერობით ვერ დაითანხმა აფხაზები რუსეთის გავლენის გაძლიერებაზე.

“აფხაზეთში ძალიან უნდათ რუსული ფული, მაგრამ სანაცვლოდ არაფრის დათმობა არ უნდათ. განსაკუთრებით კი რუსეთის შემადგენლობაში შესვლა”, - წერს პოლიტოლოგი დმიტრი ფეტისოვი.

იგი ირწმუნება, რომ აფხაზები ირჩევენ არა ბადრა გუნბასა და ადგურ არძინბას შორის, არამედ რუსული გავლენის გაძლიერება-არგაძლიერებას შორის.

აფხაზეთში კრემლის სტრატეგიულ შეცდომებზე წერს ანონიმური ტელეგრამარხი “საიდუმლო კანცელარიაც”.

კრემლისადმი იდეოლოგიური ერთგულების მიუხედავად, ეს არხი ხანდახან მისი შიდა და საგარეო პოლიტიკის კრიტიკასაც არ ერიდება.

არხის მტკიცებით, საქმე ცუდადაა და ორი კვირის შემდეგ, ბადრა გუნბას გამარჯვების შემთხვევაშიც კი, მოსკოვი ვერ მოახერხებს სოხუმთან ურთიერთობის დალაგებას.

ბადრა გუნბას არ ჰყავს ძლიერი გუნდი, არ აქვს წინასაარჩევნო პროგრამა და, “რაც მთავარია, არ ჰყავს ლოიალური პოლიტიკური ძალები” აფხაზეთის შიგნით, - წერს “კანცელარია”.

პოსტის ავტორი სავალალო სურათს ხატავს: კრემლი იძულებული იყო, გუნბაზე დაედო ფსონი, რადგან სოხუმში ერთგული ფიგურები ეწურება.

“ცოტა დააკლდა”

ამასობაში, პროპაგანდა ამუშავდა იმისთვის, რომ კენჭისყრის შედეგი გააპატიოსნოს.

გუნბას “სულ ცოტა დააკლდა” გამარჯვებამდე, - წერს სამხედრო პროპაგანდისტი ბორის როჟინი.

იგი არწმუნებს აუდიტორიას, რომ “აფხაზური კრიზისის გადაჭრა კიდევ ორი კვირით გადაიდო”.

ზოგი კი აგრძელებს გუნბას კონკურენტის გაშავებას.

გუნბამ “დამაჯერებლად” გაიმარჯვა, იმის გათვალისწინებით, რომ (აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტ) “ადგურ არძინბას სასარგებლოდ ფაქტობრივად მთელი ადმინისტრაციული მანქანა მუშაობდა”, - ამტკიცებს კრემლის ციფრული პროპაგანდის ერთ-ერთ ფლაგმანი, ტელეგრამარხი “რიდოვკა”.

კენჭისყრის შედეგების გარდა, პროპაგანდისტებს სოხუმით უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი აქვთ.

საქმე ისაა, რომ აფხაზეთის ე.წ. ცესკომ კენჭისყრაზე არ დაუშვა კრემლის მივლენილი “სადამკვირვებლო” მისია.

მაგრამ რუსულმა ცესკომ ეს არ შეიმჩნია.

“ღრმადპატივცემული აფხაზი ხალხისადმი ყველაზე თბილი და მეგობრული გრძნობებით აღსავსენი, აფხაზეთის მომავლის სასიკეთოდ, წარმატებული არჩევნების ჩატარებას ვუსურვებთ”, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG