ის ამბობს, რომ 2024 წლის 4 დეკემბერს საღამოს რვა საათზე „ქორთიარტ მარიოტში“ ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. ისიც ესწრებოდა შეხვედრას. სასტუმროსთან მისულს ბევრი ადამიანი დახვდა, ისინი უკვე იკრიბებოდნენ.
მოწმე ჩამოთვლის კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრების სახელსა და გვარებს და ადასტურებს, რომ ეს ხალხი „ქორთიართ მარიოტთან“ იყო და შეხვედრისთვის ემზადებოდა.
ნინო გოგინაშვილის თქმით, შეკრების მიზანი სამოქმედო სტრატეგიის დასახვა იყო, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებულ პროტესტს უკავშირდებოდა. აქციების პარალელურად აკავებდნენ აქტივისტებს და დემონსტრანტებს და პოლიტიკოსებმა მიიჩნიეს,რომ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს და აზრები გაეცვალათ.
მოწმე ამბობს, რომ შეხვედრა დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა.
„ქორთიართ მარიოტში იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეხვედრაზე არ იყვნენ, თუმცა დაკავშირებულები იყვნენ პარტიებთან, მათ შორის საბა სხვიტარიძეც. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ გარეთ ტიტუშკები იყვნენ. ჩვენ შევთანხმდით, რომ მშვიდად და ორგანიზებულად უნდა დაგვეტოვებინა სასტუმრო.
ვინაიდან გარეთ მობილიზებული აგრესიული ჯგუფები, ჩვენ სასტუმროდან ერთად გამოვედით".
გოგინაშვილი ამბობს, რომ გამოვიდა სასტუმროდან და კიბეების თავში დადგა. ის გამოყოფს სამ ჯგუფს - ოპოზიცია, სამართალდამცველები და შავებში ჩაცმული ადამიანები.
„როგორ განასხვავეთ“?, - ეკითხება ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი.
„პოლიციელებს ეცვათ ფორმა და ადვილად გაირჩეოდნენ, ჯგუფს, რომლებსაც ეცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი პოლიციელები ვერ იქნებოდნენ, რადგან არ გავდნენ პოლიციელებს. ეკეთათ სამედიცინო პირბადე, არ ჰქონდათ ეკიპირება, შავად ეცვათ და აგრესიულად იქცეოდნენ... ჩვენი მისამართით აგრესია ჰქონდათ. სხეულის ენასაც ხომ მნიშვნელობა აქვს? იწევდნენ თითქოს, რაღაცას ეძებდნენ. ჩვენ ვეკითხებოდით, რა უნდოდათ იქ, არ პასუხობდნენ, ცალმხრივი კომუნიკაცია იყო...", - ამბობს ნინო გოგინაშვილი.
„პოლიციელების ფორმა ვისაც ეცვათ ეკითხებოდით ვინ იყვნენ?", - კითხულობს ჩომახაშვილი.
„არა, რა თქმა უნდა, რატომ უნდა გვეკითხა?[ ეცინება- რ.თ] განირჩეოდნენ, რომ პოლიციელები იყვნენ", - პასუხობს მოწმე.
ნინო გოგინაშვილი აგრძელებს ჩვენების მიცემას:
„ჩემგან ხელმარცხნივ იდგა საბა სხვიტარიძე და ეწეოდა სიგარეტს, კიდევ მარცხნივ პოლიცია, მარჯვნივ კი ეს შავებში ჩაცმული ჯგუფები. ჩემთან ერთად სხვადასხვა დროს იყო ნანა მალაშხია, ანი ქავთარაძე... მე ვიდეოს ვიღებდი.. ჩვენ განვიხილავდით სიტუაციას, რომელიც იქ დაგვხვდა... გაბრაზებულები ვიყავით, რა უნდათ ამ ადამიანებს და რატომ მოდიან ტიტუშკები იქ, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები იკრიბებიან".
„საბაც აღშფოთებული იყო, ჰქონდა მოლოდინი, რომ საფრთხე შეგვექმნებოდა, ყველა ვიყავით მშვიდად... იცით როგორი განხილვა იყო? არც გვიკვირდა, რომ ეს ხალხი იქ იყო. პირველი რეაქცია იყო - რა უნდათ აქ და შემდეგ რომ გახსენდება, რაც ხდება, ხვდები, რომ მათი დგომა იქ ვითარებასთან ჰარმონიულია".
„რაღაც მომენტში საბა გვერდით მედგა და მერე გავიდა. იდგნენ აგრესიული ტიტუშკას სიახლოვეს. ლაივში ჩანს, რომ მანუჩარ ჩაჩანიძე პარტია „ახალის“ წევრი მივიდა და ჰკითხა ამ ადამიანს რატომ იყო იქ, რატომ მივიდა...".
„ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულები იყვნენ შავებში ჩაცმული ადამიანები..."
ნინო გოგინაშვილი: „დღემდე არ მჯერა, რომ ეს ადამიანები პოლიციელები იყვნენ...ვინმეს რომ ეთქვა, ეს ადამიანები არ იყვნენ ტიტუშკები და იყვნენ სამართალდამცველები, არ დავუჯერებდი... არავინ ვიცოდით, არც პარტიებმა, არც საბამ, ვინც იქ იდგა. პოლიციამაც არ იცოდა, რომ პოლიციელები იყვნენ, ასე მგონია.. მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ ზურა დათუნაშვილი დაიჭირეს, გადავწყვიტეთ წავსულიყავით და პარლამენტთან აქციას შევერთებოდით. პოლიციელების 3-4 რიგის კორდონმა ჩვენ არ გაგვატარა. ამ ადამიანებმა ჩვენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაგვტოვეს ტიტუშკების პირისპირ, რომლებიც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ პარტიის წარმომადგენლებს.
როცა პოლიციამ არ გაგვიშვა, ტიტუშკები უფრო აგრესიულები გახდნენ. დავიძარით მაჩაბლის ქუჩისკენ, რომ შემოგვევლო. ვერცხლის ქუჩიდან ჩავედით რუსთაველზე... ოღონდ ესე მარტივად ვერ გავედით, ეს ხალხი მოგვდევდა. შავებში ჩაცმული ადამიანები, რაღაც მანძილზე ჩვენ გამოგვყვნენ, გზაში კომუნიკაცია ჩვენ აღარ გვქონია".
ფორუმი