Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი სასამართლოდან
11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი სასამართლოდან

11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (15/07/2025)

ჯგუფური ძალადობის 11-პირიანი საქმის განხილვა ისევ დაგვიანებით დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, პროკურატურას ისევ ორი მოწმე ჰყავს მოყვანილი. ამ საქმისთვის მთელი დღეა გამოყოფილი.

13:10 15.7.2025

მოწმის თქმით, საკვლევი ვიდეოები „ფრაგმენტებისგან აწყობილი“ იყო.

კვლევაში რატომ არ ასახეთო, ეკითხება ადვოკატი. ექპერტის თქმით, არ ასახა, რადგან „არანაირი გავლენის მოხდენა მაგას არ შეეძლო კვლევის შედეგზე".

ისევ იმეორებს: „ერთი ვიდეოა ფრაგმენტებისგან აწყობილი, სხვადასხვა მოქმედებებია ასახული..“

ადვოკატი კითხულობს, საიდან იცის ექსპერტმა, რომ ეს ვიდეოები ერთსა და იმავე დროსაა გადაღებული. ეს საკითხები გამოძიებას ნაკვლევი არ აქვს.

ექსპერტი ხსნის, რომ ის ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას ატარებს და იმ კითხვებს პასუხობს, რასაც გამომძიებელი უსვამს.

13:04 15.7.2025

ადვოკატი, ომარ ფურცელაძე: ზოგადად თუ ატარებთ ნივთის რაობაზე ექსპერტიზას?

მოწმე: არ მაქვს ჩატარებული.[ ამ კონკრეტულ ექსპერტიზას გულიხმობს - რ.თ.]

ადვოკატი: გამომძიებელი მაძლევს მიმართულებას პიროვნების აღმოჩენის მიზნით...

მოწმე: ...ანუ თქვენ საგნის რაობა არ განგისაზღვრავთ...

ადვოკატი: არა

ამის შემდეგ ადვოკატი მიდის მოწმესთან და აჩვენებს ვიდეოს, სადაც ექსპერტმა გურამ მირცხულავა დააიდენტიფიცირა. ეს მას შემდეგ, რაც მოწმე თქვა, რომ „გამომძიებელი მას აძლევს მიმართულებას პიროვნების აღმოჩენის მიზნით, მაგალითად აღუწერს მას, მის ქცევას და ჩაცმულობს.

მოწმე უთითებს გურამ მირცხულავაზე. ამის შემდეგ ადვოკატი ეკითხება: „უკან რა ხდება?“

მოწმე: ამას სპეციალური ცოდნა არ სჭირდება უკან რა ხდება.

პროკურორი იცილებს კითხვას და ამბობს, რომ აღნიშნული ექსპერტს უნდა დაუსვას გამომძიებელმა, რადგან საკვლევი საკითხია. ამ შემთხვევაში კი ეს კითხვა დასმული არ არის.

„აღნიშნულ კადრში არის ძალიან ბევრი პიროვნება, მე კომპიუტერი ხომ არ ვარ, რომ ეს ავდგე და გავატარო, ამ საქმის გარდა, ბევრი საქმე გვაქვს. გამომძიებელმა უნდა მიმითითოს საკვლევი ვიდეოგრამა, დრო, პიროვნება", - ამბობს ექსპერტი.

ადვოკატი აგრძელებს, რომ თუ კვლევის დროს გამოიკვეთება მნიშვნელოვანი გარემოება, ექსპერტი კანონითაა ვალდებული ასახოს დასკვნაში. მოწმე ეთანხმება.

ადვოკატი: „თქვენ ნახეთ ამ ვიდეოში გასროლა ერთი, ორი, სამი ოთხი, ჩათვალეთ, რომ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი არ იყო და არ ასახეთ"?

მოწმე: ვიცი, რაც გაინტერესებთ[ ხელით აჩვენებს მოქმედებას, სროლის იმიტაციაა, მაგრამ თავად ამბობს, რომ ხელს იქნევს]... კიდევ გაგიმეორებთ, გამოძიებას აინტერესებდა პიროვნება, რომელიც დროშას უშვებს ხელს, მაგრამ აი, იმ პიროვნებაზე, ხელს იქნევს რამე ისეთი ვერ შევნიშნე [სავარაუდოდ ვიდეოზე ჩანს კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც ადვოკატის თქმით, რაღაცას ისვრის, ექსპერტის თქმით კი ხელს იქნევს]... ექსპერტიზის დასკვნაში რამე თუ გამომძიებელს გამორჩა, შენ ვალდებული ხარ შეიტანო. მაგალითად არის ორი საძიებო პიროვნება, ერთშიც ჩანს და მეორეშიც და გამოძიება მეუბნება, რომ ამ ვიდეოში შემიდარე, თუ ორივე ჩანს, მე ვალდებული ვარ, რომ ორივე ვიდეოდან შევადარო".

პროკურორი აპროტესტებს და მიაჩნია, რომ ადვოკატი მოწმეს სამართლებრივ შეფასებას ცნობს. ამის შემდეგ ომარ ფურცელაძე ექსპერტს ჯანო არჩაიას ვიდეოს აჩვენებს, რომელიც ამავე ექსპერტმა იკვლია.

„ხომ გახსოვთ ხელის მოქნევა რასაც დავარქვით, ახლა ვნახოთ ეს ვიდეო"...[ყველა ერთად საუბრობს - რ.თ.]

მოსამართლე ინტერესდება: „რა კითხვა დასვით და რა პასუხი მიიღეთ?". ადვოკატი ომარ ფურცელაძე განმარტავს, რომ შეადარა ორი ვიდეო, სადაც მისივე თქმით, ერთში ჯანო არჩაიას მოქმედება დანაშაულებრივ ქმედებადაა ჩათვლილი, გური მირცხულავას ამსახველ ვიდეოში კი, ასევე, ჩანს მოქალაქე, რომელიც არჩაიას იდენტურად იქცევა, თუმცა ექსპერტი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ხელს იქნევს.

12:33 15.7.2025

მოწმე ექსპერტი ვალერიან მესხი ამბობს: „შემოსული იყო 11 პაკეტი და გამოძიებას აინტერესებდა, ამ პაკეტებში არსებულ დისკებზე ჩაწერილ ვიდეოგრამებზე, იყვნენ თუ არა პიროვნებები და ჩამოთვლილია, ვინც აინტერესებდა. კვლევა გაგრძელდა ორ პაკეტზე, რომლებზეც აღინიშნებოდა გამომძიებლისთვის საინტერესო პიროვნება, რომელიც უნდა გამომეკვლია, აღნიშნული დისკები გადავწერე კომპიუტერში და ვიდეოგრამები, რომელიც მათზე იყო, გამოვიკვლიე სპეციალური პროგრამის საშუალებით. ბაზიდან ჩამოტვირთული იქნა ირაკლი ქერაშვილის ფოტოგამოსახულება. მოხდა იდენტიფიკაცია, რა დროსაც დადგინდა, რომ წარმოდგენილ პაკეტებში მოთავსებულ დისკში არსებულ ვიდეოგრამებზე სახელწოდებით აგერ წერია, ფიქსირდებოდა ჩვენს ხელთ არსებულ ბაზაში პიროვნება, ირაკლი ქერაშვილი".

ამის შემდეგ ექსპერტი აგრძელებს თითოეულ კვლევაზე ცალ-ცალკე საუბარს. შემდეგი გურამ მირხულავაა. მოწმე იმეორებს თითქმის იგივეს და ამბობს, რომ საკვლევ ვიდეოზე ასახული იყო ნამდვილად მირცხულავა. ვიდეოგრამა შედარდა შსს-ს ბაზას და დადგინდა დამთხვევები.

ჯამში, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩატარდა ოთხ დაკავებულზე, ესენია: ჯანო არჩაია, გურამ მირცხულავა, ირაკლი ქერაშვილი, სერგეი კუხარჩუკი. ოთხივე შემთხვევაში ექსპერტმა თქვა, რომ ვიდეოზე გამოსახული პირები სწორედ ისინი იყვნენ, ვისითაც გამოძიება დაინტერესდა და ექსპერტიზას მიმართა.

12:25 15.7.2025

ვალერიან მესხი დარბაზშია. ის შსს-ს კრიმინალური ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელია. მან რელიგიური ფიცი დადო. დაიწყო დაკითხვა. კითხვებს სვამს ბრალდების მხარე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG