სხდომათა დარბაზში ვართ. პროკურორი, ვახტანგ ცალუღელაშვილი გვეუბნება, რომ დღეს ორი მოწმე ჰყავთ მოყვანილი. ერთი დაზარალებულია, მეორე ექსპერტი. ჯერ არ შემოუყვანიათ ბრალდებულები.
დღეს დაიკითხება გდდ-ს წარმომადგენელი, გიორგი კაკალაშვილი და ექსპერტი, ვალერიან მესხი.
პროკურორი, ვახტანგ ცალუღელაშვილი წარადგენს ახალ მტკიცებულებებს. ის ამბობს, რომ ვიდეოების ნაწილზე დანიშნული იყო ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები, რომელთა პასუხებით ახლა მოვიდა, შესაბამისად, იქამდე, ვერ დაურთავდნენ საქმეს. ახლა, რადგან საბოლოო პასუხები ცნობილია, ბრალდების მხარე მოითხოვს ამ ვიდეოების საქმეზე მტკიცებულებად დართვას.
გამოცხადდა 10 წუთიანი შესვენება, რის შემდეგაც ადვოკატები ამ ახალ მტკიცებულებებზე საკუთარ პოზიციას წარადგენენ.
შესვენება დასრულდა და რევაზ აჭარაძე ამბობს, რომ ვერ დაეთანხმება ამ მტკიცებულებების საქმის მასალებზე დართვას.
„საქმის მასალები სასამართლოში წარმოდგენილი 25 თებერვლის თარიღით და ამ პერიოდში ბრალდებას უნდა წარედგინა სასამართლოში ყველაფერი. 4-5 მარტის მდგომარეობით არანაირი ახალი მტკიცებულება ბრალდებას არ გადმოუცია ჩვენთვის. რა თქმა უნდა, 83-ე მუხლიდან გამომდინარე თუ რაიმე სახის მტკიცებულება არ იქნა გადმოცემული დაცვის მხარისთვის, მასზე დარყდნობილი ნებისმიერი კვლევა უნდა იყოს დაუშვებლად ცნობილი. ამოსავალი არის შეჯიბრებითობა, დაცვის მხარემ უნდა იცოდეს, რა საგამოძიებო მოქმედებას ატარებს ბრალდების მხარე", - ამბობს რევაზ აჭარაძე.
ადვოკატი ასკვნის, რომ დარღვეულია თანასწორობა და შეჯიბრებითობა, რომ საგამოძიებო მოქმედებებზე ინფორმირებული არ იყო დაცვის მხარე, ამიტომ „მტკიცებულებები არ უნდა იყოს დასაშვებად ცნობილი", რევაზ აჭარაძის პოზიციას იზიარებენ სხვა ადვოკატებიც.
პროკურორი ვაჟა თოდუა პასუხობს: „ახლა გვაქვს სხვა მოცემულობა, ჩვენ წარმოვადგინეთ ექსპერტიზის დასკვნები და შეგვიძლია თითოეულში ჩავიხედოთ და პირველი გვერდზე ექსპერტს მითითებული აქვს, რომ იხელმზღვანელა 25 თებერვლის დადგენილების საფუძველზე".
მეორე პროკურორი, ვახტანგ ცალუღელაშვილი კითხულობს: „მომართვის წერილს ვხდით მარტო სადაოს? ძირითად დოკუმენტებში საუბარია, რაზეა დანიშნული ექსპერტიზა".
მოკლედ, პროკურორები არ ეთანხმებიან ადვოკატების დასაბუთებას, რომელიც ახალი მტკიცებულებების საქმეზე დართვას ეწინააღმდეგებიან.
ფორუმი