Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
8 დემონსტრანტის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში - ლაივბლოგი
8 დემონსტრანტის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (07/08/2025)

ჯგუფური ძალადობის საქმე, სადაც 8 დემონსტრანტია ბრალდებული, დაცვის მტიცებულებების შესწავლაზე გადავიდა. დღეს მოწმეებს მოიყვანენ დაკავებულების ადვოკატები. სხდომას სასამართლოს დარბაზიდან აშუქებს ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი.

13:10 7.8.2025

კითხვებს სვამს ვაჟა თოდუა. მას აინტერესებს, დაიბრუნა თუ არა ანა პეტროსიანმა თავისი ტელეფონი. ის ამბობს, რომ 2024 წლის 6 დეკემბერს ადვოკატმა მიუტანა. მან არ იცის, ვინ გადასცა ადვოკატს და ვარაუდობს, რომ „პროკურორმა".

„ერთ-ერთი სტუდენტი სასამართლოში მიბრუნებს ტელეფონს, მეუბნება, რომ ადვოკატმა გადასცა, მას მე ვიცნობ, მარიამ აქუბარდიაა", - ამბობს მოწმე.

ვაჟა თოდუა იმეორებს, რომ „ეს საქმეში არ ჩანს".

პროკურორი კიდევ ერთხელ კითხულობს, ხომ არ იცის ვინ არის პროკურორი, რომელმაც ადვოკატს მისი ტელეფონი გადასცა.

„ჩემთვის გაურკვეველია, რადგან ტელეფონი ამოღების ოქმში არ ჩანს და ჩვენც გვინდა, რომ გავარკვიოთ, რა მოხდა", - ამბობს ვაჟა თოდუა.

მოწმის თქმით, რაღაცის დამატება უნდა. „კი ბატონო, მაგრამ იცოდეთ, რომ იგივე რამეს თქვენ აპროტესტებდით ბრალდების მხარის მოწმეების შემთხვევაში", - ამბობს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი და ადვოკატებს უყურებს.

ანა პეტროსიანს აინტერესებს, თუ ამოღებულ ნივთებში არ არის ჩემი ტელეფონი, მაშინ სად იყო ორი დღე და ვის ჰქონდა.

„ჩემთის არავინს განუმარტია, რომ ეს ტელეფონი უნდა ჩადებულიყო სისხლის სამართლის საქმეში, მე ჩავთვალე, რომ ეს იყო უკანონო მიტაცება, მე ჩემი კომპიუტერით ტელეფონი დავბლოკე და მასზე წვდომა ვეღარავის ექნებოდა, გარდა მე.. 6 დეკემბერს, როცა ტელეფონი დამიბრუნეს,არაფერი იყო წაშლილი და ამის შემდეგ ყველაფერი წაიშალა, ჩემს მეილზე დამატებულია უცხო ნომერი და სპეციალურად არ ვშლი. ესეც ასახულია სქრინებში".

პროკურორს აინტერესებს, რატომ არ მიმართა სავარაუდო დანაშაულზე სამართალდამცველებს.

მოწმის თქმით, მისი მეგობარი იყო დაჭერილი და ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

13:23 7.8.2025

ვაჟა თოდუას აინტერესებს, თუ ეცნობა დაფიონის „გვერდზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოებს და პოსტებს. მოწმე პასუხობს, რომ ზოგადად დაკავებული გრაფიკი აქვს, სპეციალურად არ შედის ხოლმე ამ გვერდზე, მაგრამ შესაძლოა, ზვიადის გაზიარებული ენახა.

„რა შინაარსის პოსტები იდებოდაო?“, - ეკითხება ვაჟა თოდუა.

„ეროვნულ-ქართულ ნაციონალისტურ პოსტებს, რომელიც ეროვნულ-ქართულ თვითშეგნებას შეესაბამება", - პასუხობს ანა პეტროსიანი.

ვაჟა თოდუას სვამს კითხვას, ხომ არ უნახავს ანა პეტროსიანს ზვიად ცეცხლაძის ლაივი, რომელიც „დაფიონის“ გვერდზე ჩაირთო.

კითხვას აპროტესტებს ადვოკატი და ამბობს, რომ „არ ექნებოდა ნანახი, რადგან გაზიარებული არ ყოფილა".

მოსამართლე ბრაზდება: „ეს არის ბატონო დავით, კარნახი, რაზეც მუდმივად ვაძლევდი შენიშვნას ბრალდების მხარეს".

მოწმე პასუხობს: „15-წუთიან ვიდეოებს არ ვუყურებ, ზოგადად, ტელეკომპანია იმედს, რომ ჰქონდა ვიდეო დადებული რამდენიმე წუთიანი მაგაზე ინფორმაცია მაქვს, მეგობრები ლაპარაკობდნენ, ეს არხი ჩემთვის საინტერესო არ არის, არ მინახავს, ვიცი, ზვიად ცეცხლაძის შესახებ ყველაფერი და ვიცი, რა აზრებიც აქვს... მე არ მინახავს ეგ ვიდეო, არ ვიცი რას ამბობდა, მაგრამ რა ღირებულებების მატარებელია შემიძლია გითხრათ".

ვაჟა თოდუას იდეა აქვს, აჩვენოს ეს ვიდეო მოწმეს. ადვოკატები აპროტესტებენ.

13:31 7.8.2025

„ზვიადი 29-ში ბათუმში იყო, მე ვიცი, მე ვუყიდე ბილეთი", - ასწრებს მოწმეს და პროკურორს პასუხობს ზვიად ცეცხლაძის დედა, ნარგიზი დავითაძე დარბაზიდან. ყველას შეშფოთებული ასე აქვს. მოსამართლეს ასწრებენ და „ჩუუუუუ" ისმის აუდიტორიაში.... თამარ მჭედლიშვილი არაფერს ამბობს და ამ სცენის შემხედვარე, იღიმის.

13:35 7.8.2025

მოწმე იხსენებს, რომ როცა ზვიადი აქციაზე ნახა, ტუჩი ჰქონდა გახეთქილი და თვალზე დაზიანება. ის სათვალეს ატარებს და სათვალის ყურები მოტეხილი ჰქონდა, „თმის რეზინებით გადაუბა და დაუმაგრა".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG