ანა პეტროსიანი ამბობს, რომ ზვიად ცეცხლაძეს კონფლიქტი არ ჰქონია სამართალდამცველებთან და არასდროს ყოფილა კონფლიქტის გამომწვევი.
თამარ მჭედლიშვილი ზვიად ცეცხლაძის დაზიანებასთან დაკავშირებით არკვევს დეტალებს. აინტერესებს, ეტყობოდა თუ არა ზვიად ცეცხლაძეს დაზიანება რამდენიმე დღე, ანა პეტროსიანი ამბობს, რომ ეტყობოდა და ასევე აზუსტებს ისევ მოსამართლის თხოვნით, რომ ეს დაზიანება მიიღო მას შემდეგ რაც თბილისში ბაბუის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა, სავარაუდოდ 29-ში.
ანა პეტროსიანის დაკითხვა დასრულდა. მის მიერ მოტანილი ტელეფონის გადაადგილების სქრინები საქმეს 115-ე მუხლის საფუძველზე დაერთო.
უდავოდ ცნეს გუჯა ავაჯანიშვილის მოწმე, ბექა მარკოზაშვილი. ის სასამართლოში აღარ დაიკითხება. შედეგად, მოსამართლე უდავოდ მიიჩნევს ჩვენებაში მის მიერ მოყოლილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზვიად ცეცხლაძის ადოკატს, დავით ჭიკაიძეს კი სურს დაიკითხოს ნათია გაბრავა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოწმის უდავოდ ცნობას ითხოვს პროკურატურა.
საბოლოოდ ეს ორი მოწმე უდაოდ ცნო თამარ მჭედლიშვილმა და სასამართლოში აღარ დაკითხავს.
რევაზ აჭარაძე აკეთებს განცხადება და მოჰყავს თავისი პრაქტიკიდან მაგალითი, როცა მოწმეები საქალაქო სასამართლოში უდაოდ ცნო პროკურატურამ დაცვის მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაგრამ აპელაციაში მოსამართლემ თქვა, რომ თუ ორივე მხარე შეთანხმებული არაა, მოწმეები მაინც უნდა დაიკითხონ.
რევაზ აჭარაძის თქმით, „მაინც სასამართლოს არ აქვს ერთნაირი პრაქტიკა ამ საკითხზე".
დავით ჭიკაიძე ამბობს, რომ „ზვიად ცეცხლაძეს წაერთვა შესაძლებლობა მტკიცებულებების სასამართლოში გამოკვლევის". ის ამბობს, რომ „დაცვის მხარეს არ უნდა წაერთვას შესაძლებლობა დაკითხოს მოწმე, როცა მხარეები ვერ თანხმდებიან. ჩვენ დღეს მხარეები ვერ შევთანხმდით, არ უნდა იქნას უდაო მტკიცებულებად და ზვიად ცეცხლაძეს შეეზღუდა უფლება მიეწოდებინა სასამართლოსთვის ინფორმაცია".
თამარ მჭედლიშვილი, მოსამართლე: „იცით რა მიკვირს? ეს ამ პროცესზე ჩემი ასეთი პირველი გადაწყვეტილება ხომ არაა? მაშინ არ დაგიფიქსირებიათ ეს პოზიციები, როცა ამავე საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე ვმსჯელობდით, იდენტური გადაწყვეტილება მივიღეთ და არ დამავიწყდება ბატონი შოთას პოზიცია"[იგივე აზრე ვარ - პასუხობს თუთბერიძე]
მოდი, ავხსნათ რა ხდება. მხარეებს უფლება აქვთ ერთმანეთის მოწმეები უდავოდ ცნონ. ეს ნიშნავს, რომ ამ მოწმეების მიერ დაკითხვისას მიწოდებულ ფაქტობრივ ინფორმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ აყენებენ. თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ უდავოდ ცნონ მოწმე, მაშინ ის არ დაიკითხება, თუმცა თუ ერთი მხარე არ ეთანხმება, მაშინ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, დაკითხოს თუ არა. ასეთი შემთხვევა 8-პირიან საქმეზე მოხდა მაშინ, როცა ადვოკატებმა პროკურატურის მოწმის, შსს-ს ოპერატორის უდავოდ ცნობა მოითხოვეს. მაშინ პროკურატურა არ დაეთანხმა დაცვის მხარეს და მოითხოვა, მაინც დაეკითხათ ის. ამაზე ადვოკატების ნაწილის პოზიცია იყო, რომ „არ უნდა დაიკითხოს".
იგივე ხდება ახლაც ოღონდ პირიქით, პროკურატურამ უდაოდ ცნო რიგი მოწმეები და ადვოკატების ნაწილი აპროტესტებს - მოითხოვენ მაინც დაიკითხონ მათი მოწმეები, რადგან არაა ორმხრივი თანხმობა. მოსამართლე ამბობს, რომ ორმაგი სტანდარტით არ იხელმძღვანელებს და გაკვირვებულია, რატომ წინა შემთხვევაში არ გააკეთეს ამ შინაარსის განცხადებები ადვოკატებმა.
მხარეების პოზიციიდან ირკვევა, რომ ამ საკითხზე სასამართლოში დადგენილი პრაქტიკა არ არსებობს და მოსამართლეები ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებებს.
ფორუმი