Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ნინო დათაშვილის სასამართლოს სხდომა - ლაივბლოგი
ნინო დათაშვილის სასამართლოს სხდომა - ლაივბლოგი

ნინო დათაშვილის საქმე - ლაივბლოგი (07/08/2025)

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო დათაშვილის წინასასამართლო სხდომა იმართება. რამდენიმე დღის წინ, მოსამართლემ განჩინება გამოსცა დათაშვილისთვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, რასაც დაკავებულის, ადვოკატებისა და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

18:22 7.8.2025

სხდომაზე 15 წუთიანი შესვენება გამოცხადდა. ნინო დათაშვილი ითხოვდა რამდენიმე წუთით დარბაზიდან გასვლას:

ადვოკატები: "ბატონო მოსამართლე, თუ შეიძლება, რომ ნინო ნახევარი საათით გავიდეს, სანამ პროკურატურა შეუამდგომლობებს აყენებს, დაიღალა, წელი სტკივა და შემდეგ შემოვა".

მოსამართლე: "ქალბატონო ნინო, რამდენჯერმე შემოგთავაზეთ დაჯდომა, ეგ სკამი თუ არ გინდათ, სხვა სკამს შემოგიტანთ".

ნინო დათაშვილი: "არ მინდა დაჯდომა ამ საბრალდებო სკამზე, არც სხვა სკამი არ მინდა. მინდა, რომ უბრალოდ გავიდე, დავიღალე მოსმენით".

მოსამართლე: "ენდობით თქვენს ადვოკატებს? უთქვენოდ გავაგრძელოთ სხდომა? შესვენებას გამოვაცხადებთ".

ნინო დათაშვილი: "ცხადია, ვენდობი. არ მინდა შესვენების გამოცხადება, ამდენი ხალხი გველოდება და არ მინდა, რომ კიდევ გაგრძელდეს. უბრალოდ მე გავალ".

მოსამართლე: "ვაცხადებთ შესვენებას, 15 წუთით".

16:57 7.8.2025

ნონა ქურდოვანიძე, საიას-ს წარმომადგენელი, სასამართლოს წარუდგენს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას. ის ამბობს, რომ ფორმა 100, რომელსაც დაეყრდნო პროკურატურა, როდესაც მოითხოვა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, დარღვევითაა შედგენილი:

"ეს ფორმა 100 არღვევს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას, როგორ უნდა შეივსოს ფორმა 100. არსებობს ჯანდაცვის მინისტრი ბრძანება, რომლითაც ხელმძღვანელობს ყველა ექიმი ამ დოკუმენტის შევსებისას.

ფორმა 100-ში, დიაგნოზის გრაფაში ნამდვილად წერია ხერხემალთან დაკავშირებული კონკრეტული დიაგნოზი, რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი კოდი და ეს აღნიშნულია დოკუმენტში. ხოლო რაც შეეხება ფსიქო-ემოციურ ლაბილობას, მას არ ახლავს შესაბამისი დიაგნოზის აღმნიშვნელი კოდი, რაც ფორმა 100-ის შევსების დარღვევაა და შესაბამისად, ეს დოკუმენტი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ვალიდური, რომ მას პროკურატურა დაყრდნობოდა.

მეორე მხრივ, ეს რომც იყოს სწორად შევსებული დიაგნოზი, რადგან "ემოციური ლაბილობა" არ არის საერთოდ დიაგნოზი, ფსიქიატრიასთან არ აქვს არანაირი კავშირი, ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი... ამასთანავე, ექიმს, რომელიც ამ დოკუმენტს წერს არ აქვს შესაბამისი, ფსიქიატრის კვალიფიკაცია".

16:56 7.8.2025

დაცვის მხარე მოითხოვს ასევე დასაკითხ მოწმეთა ნუსხას დაემატოს "ინოვას" ექიმი, ნეიროქირურგი, ირაკლი ჭელიშვილი, რომელმაც 2019 წელს დაწერა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის ცნობა და რომელიც პროკურატურამ გამოიყენა ნინო დათაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების საფუძვლად.

ამ ფორმა 100-ში საუბარია ნინო დათაშვილის ხერხემალზე ჩატარებული ოპერაციის შესახებ, ასევე დიაგნოზის შედეგად გამოწვეულ ტკივილებზე, რომელსაც თან ახლდა "ემოციური ლაბილობა", სიმპტომი, რომლის გამოც გადაწყვიტა პროკურატურამ, რომ საჭირო იყო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება.

16:55 7.8.2025

დაცვის მხარემ მოითხოვა ასევე დაუშვებელ მტკიცებულებად იქნას ცნობილი დადგენილება, შუამდგომლობა და განჩინება ნინო დათაშვილისთვის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG