Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ნინო დათაშვილის სასამართლოს სხდომა - ლაივბლოგი
ნინო დათაშვილის სასამართლოს სხდომა - ლაივბლოგი

ნინო დათაშვილის საქმე - ლაივბლოგი (07/08/2025)

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო დათაშვილის წინასასამართლო სხდომა იმართება. რამდენიმე დღის წინ, მოსამართლემ განჩინება გამოსცა დათაშვილისთვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, რასაც დაკავებულის, ადვოკატებისა და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

16:57 7.8.2025

ნონა ქურდოვანიძე, საიას-ს წარმომადგენელი, სასამართლოს წარუდგენს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას. ის ამბობს, რომ ფორმა 100, რომელსაც დაეყრდნო პროკურატურა, როდესაც მოითხოვა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, დარღვევითაა შედგენილი:

"ეს ფორმა 100 არღვევს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას, როგორ უნდა შეივსოს ფორმა 100. არსებობს ჯანდაცვის მინისტრი ბრძანება, რომლითაც ხელმძღვანელობს ყველა ექიმი ამ დოკუმენტის შევსებისას.

ფორმა 100-ში, დიაგნოზის გრაფაში ნამდვილად წერია ხერხემალთან დაკავშირებული კონკრეტული დიაგნოზი, რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი კოდი და ეს აღნიშნულია დოკუმენტში. ხოლო რაც შეეხება ფსიქო-ემოციურ ლაბილობას, მას არ ახლავს შესაბამისი დიაგნოზის აღმნიშვნელი კოდი, რაც ფორმა 100-ის შევსების დარღვევაა და შესაბამისად, ეს დოკუმენტი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ვალიდური, რომ მას პროკურატურა დაყრდნობოდა.

მეორე მხრივ, ეს რომც იყოს სწორად შევსებული დიაგნოზი, რადგან "ემოციური ლაბილობა" არ არის საერთოდ დიაგნოზი, ფსიქიატრიასთან არ აქვს არანაირი კავშირი, ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი... ამასთანავე, ექიმს, რომელიც ამ დოკუმენტს წერს არ აქვს შესაბამისი, ფსიქიატრის კვალიფიკაცია".

18:22 7.8.2025

სხდომაზე 15 წუთიანი შესვენება გამოცხადდა. ნინო დათაშვილი ითხოვდა რამდენიმე წუთით დარბაზიდან გასვლას:

ადვოკატები: "ბატონო მოსამართლე, თუ შეიძლება, რომ ნინო ნახევარი საათით გავიდეს, სანამ პროკურატურა შეუამდგომლობებს აყენებს, დაიღალა, წელი სტკივა და შემდეგ შემოვა".

მოსამართლე: "ქალბატონო ნინო, რამდენჯერმე შემოგთავაზეთ დაჯდომა, ეგ სკამი თუ არ გინდათ, სხვა სკამს შემოგიტანთ".

ნინო დათაშვილი: "არ მინდა დაჯდომა ამ საბრალდებო სკამზე, არც სხვა სკამი არ მინდა. მინდა, რომ უბრალოდ გავიდე, დავიღალე მოსმენით".

მოსამართლე: "ენდობით თქვენს ადვოკატებს? უთქვენოდ გავაგრძელოთ სხდომა? შესვენებას გამოვაცხადებთ".

ნინო დათაშვილი: "ცხადია, ვენდობი. არ მინდა შესვენების გამოცხადება, ამდენი ხალხი გველოდება და არ მინდა, რომ კიდევ გაგრძელდეს. უბრალოდ მე გავალ".

მოსამართლე: "ვაცხადებთ შესვენებას, 15 წუთით".

18:23 7.8.2025

შესვენებისას, მანდატურის სამსახურის უფროსი, დავით მატიაშვილი, რომელსაც მოსამართლემ სხდომის დაწყებისას, ადვოკატებისა და ნინო დათაშვილის მოთხოვნით დარბაზი დაატოვებინა, ფოიეში მივიდა ადვოკატ თამარ გაბოძესთან და ხმამაღალი ტონით მოსთხოვა ბოდიშის მოხდა და უთხრა, რომ მათ სასამართლო შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც თქვეს, რომ დავით მატიაშვილიც იყო იმ მანდატურებს შორის, რომლებმაც ნინო დათაშვილს 9 ივნისს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს:

მანდატური: “კანონით მოგიდგებით, რომ სასამართლი შეგყავთ შეცდომაში, ცილისწამებისთვის…დააყენეთ შუამდგომლობა და ბოდიში მოიხადეთ”.

ადვოკატი თამარ გაბოძე: “როგორ ბედავთ ასეთ საუბარს, განახებთ კადრებს, მე მიხსნით კანონს?”

მანდატური: “რას ჰქვია ბედავთ?ამოჭრილი კადრები რომ გაქვთ, თქვენ არ გაბედოთ ტყუილები სასამართლოზე. მოიხადეთ ბოდიში”…

და მიდის.

18:23 7.8.2025

სხდომა განახლდა. ადვოკატმა თამარ გაბოძემ საგანგებო განცხადება გააკეთა მანდატურის სამსახურის უფროსის, დავით მატიაშვილის ქმედების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მოსამართლეს და მოითხოვა დავით მატიაშვილის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

"მოვიდა, დამიწყო აგრესიული საუბარი, ხელებით მითითებდა, მიყვიროდა, რომ მომეხადა ბოდიში.

მე ნინო დათაშვილის საქმეშიც მაქვს წარდგენილი მტკიცებულებები, რომ დავით მატიაშვილი იყენებს ძალას ადამიანების წინააღმდეგ. მიყვიროდა არაერთი ადამიანის წინ, მაიძულებდა, რომ მომეხადა ბოდიში.

ეს არის მტკიცებულება, თუ როგორ ექცევა ადამიანებს. როცა მე მექცევა ასე, ადვოკატს, რომელსაც თავის დაცვა შემიძლია, ჩემს ადგილას რომ ყოფილიყო სხვა ადამიანი, ისიც იჯდებოდა ახლა ნინოს გვერდით. ასე აღმონდა ნინოც ბრალდებულის სკამზე. სწორედ ასე დაიწყო მასზე ძალადობა.

ეს ადამიანი მიყვიროდა, მეუბნებოდა, რომ თითქოს მე ვჭრი კადრებს, ჰქონდა ჩემთან დამამცირებელი კომუნიკაცია.

როდესაც მე გითითებდით, რომ ეს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს უნდა აეცილებინა, სწორედ ამას ვგულისხმობდი. ყოველ შემდეგ პროცესზე შეგვიქმნიან მტრულ გარემოს, ამიტომ უნდა გადასულიყო საქმე სხვა სასამართლოში.

ვითხოვ რეაგირებას, ვითხოვთ სასამართლოს თავმდჯომარისგან, დააყენოს ამ მანდატურის დისციპლიმური წარმოების საკითხის დაწყება და შეაფასოს მისი ქმედება. ეს ადამიანი გადასულია ადამიანების დევნაზე. სასა,ართლოს თავმჯდომარის სახელზე ნახევარ საათში იქნება ჩემი ოფიციალური წერილი", - თქვა თამარ გაბოძემ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG