ის იყენებს ტერმინს - ჩანერგილი აგენტები და არ გამორიცხავს, რომ სწორედ მათ მიაყენეს დაზიანება სამართალდამცველებს.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოწმეებმა განაცხადეს, რომ მათ არ შეეძლოთ არც დადასტურება და არც უარყოფა იმ ფაქტისა, რომ დაზიანება შეიძლება სწორედ აგენტების მხრიდან იყო მიყენებული.
შესაბამისად, არსებული გონივრული ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ", - თქვა ადვოკატმა.
ალიევის ადვოკატის თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს დაზარალებულად ცნობის სტანდარტს.
ამ კანონის თანახმად კი მისთვის გაუგებარია, რა პრინციპით არიან კონკრეტული პირები დაზარალებულად ცნობილი.
„თუ შემთხვევით, ქუჩაში სიარულისას, ქვა დამეცემა თავზე, მე არ მცნობენ დაზარალებულად ?, თუკი ჩემს დაზიანებას არ აქვს კავშირი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან.
ამ შემთხვევაში, პირები, რომლებიც ვერ ადასტურებენ რაიმე ფაქტს, რა საფუძვლით უნდა იყვნენ ამ საქმის დაზარალებულები? რა კავშირი აქვთ მათ ბრალდებულებთან? თუ არ უნახავთ ბრალდებულები და არ იციან რა მოხდა, გაუგებარია, რას ითხოვენ და რატომ ითხოვენ ბრალდებულების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას?!", - ისევ კითხვას სვამს ადვოკატი.
ადვოკატი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მოწმეების რუსთაველის გამზირზე ყოფნას და ამბობს, რომ ეს უტყუარად დადასტურებული არ არის.
„სისხლდენის ფაქტიც არავის დაუდასტურებია. საქმეში არ არის წარმოდგენილი არც სისხლიანი ტანსაცმელი, არც ფოტომასალა, არც მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ იგი იმყოფებოდა ადგილზე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ან დაზიანების ფაქტი შეინიშნა", - აცხადებს აიჰან ჰასანლი.
ადვოკატის თქმით, მოწმეების უმრავლესობამ ვერც კი გაიხსენა საკუთარი ხელმძღვანელის სახელი. არ იცოდნენ, ვის მიერ იყო გაცემული ბრძანება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ სავალდებულოდ. ყველამ აღნიშნა, რომ მათი მისვლამდე აქცია იყო მშვიდობიანი და მხოლოდ მათი გამოჩენის შემდეგ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. ყველა ადასტურებს, რომ აქცია არ იყო ძალადობრივი იმ მომენტში, როდესაც ისინი ადგილზე მივიდნენ.
ის სვამს კითხვას: შესაბამისად, გაუგებარია, რას იცავდნენ და ვისგან ? მათი ყოფნის ადგილას მოქალაქეთა გადაადგილება შეზღუდული იყო. მოქალაქეს რომ დაეტოვებინა ტერიტორია, ამას ვერ შეძლებდა. ფაქტობრივად, თავადვე დაადასტურეს, რომ იმ ადგილას, სადაც იმყოფებოდნენ, შეზღუდული იყო როგორც გადაადგილების, ისე გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ვერ დაასახელეს, რის საფუძველზე ხდებოდა ეს შეზღუდვა.
ფორუმი