„დღეს განსახილველი საქმე ბოროტი, თუმცა პრიმიტიული ტყუილებისგან შედგება. ტყუილებისგან, რომელთა მომგონებს არა მხოლოდ სინდისი არ აქვთ, არა მხოლოდ ინტელექტი არ აქვთ, არამედ, ფანტაზიაც კი არ გააჩნიათ", - ამბობს ადვოკატი და დასკვნითი სიტყვის პირველ ნაწილს პატაკს და პატაკის ავტორს, ჯემალ მირაზაშვილს უთმობს:
„ეს სახელი და გვარი არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიციელის - ის პოლიციის ფორმაში ჩაცმული კრიმინალების კრებსითი სახელია. ისევე, როგორც არაერთი სახელი და გვარი, რომლებიც დღეს მოვისმინეთ და კიდევ მოვისმენთ".
12:30 - შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვის შესავალი ნაწილი.
ადვოკატმა მოსამართლეს მიმართა და გაახსენა ყველა ის დასკვნითი სიტყვა, რომელიც მას ნინო გალუსტაშვილის წინაშე უთქვამს, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე.
„ქალბატონო ნინო,
თქვენთან გამართულ პროცესებზე მე შევეჩვიე უპასუხო კითხვების დასმას. ბოლოს, როცა დასკვნითი სიტყვა წარმოგიდგინეთ (და ეს მოხდა სინდისის პატიმარ დავით ხომერიკის საქმეზე), მე გისვამდით კითხვას, „გჯერათ, ბატონო მოსამართლევ?“
სამწუხაროდ, იმ სასამართლო პროცესის ფარგლებში კანონიერი და სამართლიანი განაჩენის მიღება ვერ მოხერხდა, იმ ფაქტორების გამო, რაც ყველასთვის ცნობილია. თუმცა, ეს სხდომა ერთგვარი გაკვეთილი იყო ჩემთვისაც, რათა მესწავლა, რომ გჯერათ თუ არა თქვენ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება, ამას მნიშვნელობა იშვიათად აქვს.
სწორედ ამიტომ, ჩემს დღევანდელ სიტყვაშიც, რომელსაც ასევე თან ახლავს კითხვა, სხვაგვარი შინაარსის კითხვებს დავსვამ. კითხვებს, რომლებზე პასუხიც, წესით, არ უნდა გაგიჭირდეთ და, მეტიც, რაზეც აუცილებლად მოგიწევთ განაჩენში საუბარი, რაც არ უნდა დაუსაბუთებელი იყოს ის. და ეს კითხვაა,
„თუ გამოიცნობთ, ბატონო მოსამართლევ?“, - ამბობს თუთბერიძე.
დასკვნით სიტყვას ამბობს ადვოკატი შოთა თუთბერიძე
ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის ადვოკატის, დარია სამოდუროვას დასკვნითი სიტყვის ფინალური ნაწილი:
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არიან უდანაშაულო ადამინები და ეს არ არის ჩემი ვერსია ეს არის ობიექტური ჭეშმარიტება.
8 თვე და 13 დღე ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული დაუღალავად იბრძვიან სიმართლის დამტკიცებისთვის. თუკი არსებობს ამ ქვეყნად სამართლიანობა ის მაგათაც უნდა შეეხოს.
ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით სასამართლო ხაზს გადაუსვამს არამარტო კანონს, კანონის ღირებულებას, ეროვნულ და საერთაშორისო სამართლით დადგენილ პრაქტიკასა და სამართალს,არამედ ადამიანურ ღირებულებებსაც, ადამიანებს მოუკლავს რწმენას სამართალის არსებობის და პოლიციას ხელშეუწყობს დანაშაულის ჩადენაში. სასამართლომ არ უნდა დაუშვას მავნე პრაქტიკის დანერგვა, რადგან ხვალ ზეგ შეიძლება ვინმე X პიროვნებას გაუჩნდება სურვილი უვადო პატიმრობის სასჯელით, საქმე შეგვიკეროს ნებისმიერ ჩვენთანაგს.
ამ ორი ახალგაზრდა ადამიანის ბედი ამჯერად თქვენს ხელშია, და მე მინდა მჯეროდეს რომ თქვენ არ გაგიჭირდებათ მიიღოთ ერთადერთი სწორი, სამართლიანი გამამართლებელი განაჩენი.
თავისუფლება ანასტასია ზინოვკინას !!!!
თავისუფლება არტემ გრიბულს !!!".
დარია სამოდუროვამ დასკვნითი სიტყვა დაასრულა.
ფორუმი