Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ზინოვკინა-გრიბულის საქმე
ზინოვკინა-გრიბულის საქმე

ზინოვკინა-გრიბულის საქმე - ლაივბლოგი (01/09/2025)

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოსამართლეების ანასტასია ზინოვკინას და არტემ ბრიგულის ადვოკატების დასკვნით სიტყვებს მოისმენს დღეს სასამართლო. ადვოკატები: შოთა თუთბერიძე, დარია სამოდუროვა სხდომას სასამართლოს დარბაზიდან აშუქებს ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი.

13:19 1.9.2025

რეპლიკის უფლებით ისარგებლა პროკურორმა, ნუგზარ ჭიტაძემ. ის ამბობს, რომ შსს-ს ბაზაში ვინაობების მოძიების ამსახველი დოკუმენტი ფურცელი, არ არის მტკიცებულება, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს დაცვის მხარე. ის არ ეთანხმება, რომ ამ ფურცელზე რაიმე არის წაშლილი. პროკურორს მიაჩნია, რომ ეს ვარაუდია და არა ფაქტი.

13:17 1.9.2025

შოთა თუთბერიძემ დასკვნითი სიტყვის ფინალური ნაწილი „Scottsboro Boys trial“-ს მიუძღვნა:

„ასი წლის წინ, ერთმა შავკანიანი ამერიკელმა პოეტმა, ლენგსტონ ჰიუზმა ერთტაეპიანი ლექსი დაწერა, რომელიც იმედგაცრუებული ადამიანის ლექსია. ლექსი ეხება „Scottsboro Boys trial“, როცა შავკანიანი თინეიჯერები ორი თეთრკანიანი ქალის გაუპატიურების ბრალდებით გაასამართლეს.

იმის მიუხედავად, რომ მყარი მტკიცებულება არ არსებობდა და ბრალდებულების უდანაშაულობა ყველასთვის ცხადი იყო, ნაფიცმა მსაჯულებმა, რომლებშიც ყველა წევრი თეთრკანიანი იყო, ისინი გამტყუნეს და რვა მათგანი სიკვდილით დაისაჯა.

ეს საქმე და პროცესი სამართლის მნიშვნელოვანი გაკვეთილია მან უდიდესი გავლენა მოახდინა სამართლის შემდეგ განვითარებაზე.

ჰიუზის ამ პატარა ლექსის პროფესიული თარგმანი, სამწუხაროდ, არ არსებობს, თუმცა, უხეშად, ის ასე ჟღერს:

„სამართალი რომ ბრმაა ქალღმერთი,
ეს, ჩვენ, აქ, ყველამ მშვენივრად ვიცით,
მისი სახვევი კი ფარავს წყლულებს,
რომლებიც იყვნენ თვალები მისი.“

პატივცემულო მოსამართლევ, ქალბატონო ნინო, მიუხედავად იმისა, რომ თემიდას თალებზე სახვევი აქვს გაკეთებული, ვიცით, რომ წყლულებზე არ არის გადაფარებული.. ეცადეთ თვალები არ დაიბრმავოთ... ათასჯერ რომ მომიწიოს ამ დარბაზში თქვენთან შეხვედრა და ათასჯერ მოთხოვნა სამართლიანი განაჩენის ამას ათასჯერ გავაკეთებ და იმედი მექნება, რომ ბოლო ჯერზე მაინც შეძლებთ ამის გაკეთებას.. გთხოვთ, თქვენი მეგზური იყოს კანონი, რწმენა და დასაბუთებული განაჩენის სტანდარტი...თქვენგან, მიუხედავად არაერთი იმედგაცრუებისა, სანამ მოსამართლის მანტია გმოსავთ, ველით სამართლიან, კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას".

შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა დასრულებულია.

13:10 1.9.2025

რა არ არის საქმეში შოთა თუთბერიძის თქმით:

1. „ამ საქმეში არ არის ვიდეოკადრები, რომელიც იმ სუპერმარკეტის კამერებმა გადაიღეს, სადაც მათ მიმართ ეს საშინელი შურისძიება განხორციელდა. როცა სათათბიროდ გაბრძანდებით, თქვენ ეს ვიდეოკადრები უნდა ნახოთ."

2. „ამ საქმეში არ არის ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენებები - ისინი იქ ნამდვილად იყვნენ. თქვენ ეს ჩვენებები უნდა გაიგოთ".

3. „ამ საქმეში არ არის შეშინებული ტაქსის მძღოლის ჩვენება და სინდისის პატიმრების გადაადგილების მარშუტები - თქვენ ამას უნდა ხედავდეთ".

4. „ამ საქმეში არ არის ბინის ჩხრეკის დროს, ბინაში შესვლისა და ნარკოტიკების დადების კადრები - თქვენ ამ კადრებს გონებაში უნდა ატრიალებდეთ".

5. „ამ საქმეში არ არის ობიექტურ მოწმეთა ჩვენებები - თქვენ ამ ჩვენებებს უნდა კითხულობდეთ".


13:09 1.9.2025

შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ახლა მიმოიხილავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელსაც მოსამართლე ამ საქმეში ვერ ნახავს და მოუწოდებს მას გამოიკვლიოს ისინი. მისი თქმით, ეს მტკიცებულებები რომ საქმეში არაა ბრალების მხარის დანაშაულია, სასამართლომ კი დაცვის მხარეს არ მისცა მათი მოპოვების შესაძლებლობა.

„პატივცემულო მოსამართლევ, მე მინდა მოგიწოდოთ, რომ თქვენ ისინი დაინახოთ. დაინახოთ იმიტომ, რომ ეს მტკიცებულებები საქმეში თქვენ გამო არ არის, ბრალდების მხარის გამო არ არის. თქვენ გამო იმიტომ, რომ პოლიციის ფორმიანებმა იციან, რომ სასამართლო სამართალს კი არა, მხოლოდ ნაკერი საქმეების სისქეს მიაქცევს ყურადღებას. იმიტომ, რომ თქვენ არ მიეცით ამ უდანაშაულო ადამიანებს საშუალება, დაეცვათ თავი და წარმოედგინათ მტკიცებულებები", - ამბობს ადვოკატი და მაგალითების ჩამოთვლას იწყებს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG