12:30 - შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვის შესავალი ნაწილი.
ადვოკატმა მოსამართლეს მიმართა და გაახსენა ყველა ის დასკვნითი სიტყვა, რომელიც მას ნინო გალუსტაშვილის წინაშე უთქვამს, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე.
„ქალბატონო ნინო,
თქვენთან გამართულ პროცესებზე მე შევეჩვიე უპასუხო კითხვების დასმას. ბოლოს, როცა დასკვნითი სიტყვა წარმოგიდგინეთ (და ეს მოხდა სინდისის პატიმარ დავით ხომერიკის საქმეზე), მე გისვამდით კითხვას, „გჯერათ, ბატონო მოსამართლევ?“
სამწუხაროდ, იმ სასამართლო პროცესის ფარგლებში კანონიერი და სამართლიანი განაჩენის მიღება ვერ მოხერხდა, იმ ფაქტორების გამო, რაც ყველასთვის ცნობილია. თუმცა, ეს სხდომა ერთგვარი გაკვეთილი იყო ჩემთვისაც, რათა მესწავლა, რომ გჯერათ თუ არა თქვენ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება, ამას მნიშვნელობა იშვიათად აქვს.
სწორედ ამიტომ, ჩემს დღევანდელ სიტყვაშიც, რომელსაც ასევე თან ახლავს კითხვა, სხვაგვარი შინაარსის კითხვებს დავსვამ. კითხვებს, რომლებზე პასუხიც, წესით, არ უნდა გაგიჭირდეთ და, მეტიც, რაზეც აუცილებლად მოგიწევთ განაჩენში საუბარი, რაც არ უნდა დაუსაბუთებელი იყოს ის. და ეს კითხვაა,
„თუ გამოიცნობთ, ბატონო მოსამართლევ?“, - ამბობს თუთბერიძე.
„დღეს განსახილველი საქმე ბოროტი, თუმცა პრიმიტიული ტყუილებისგან შედგება. ტყუილებისგან, რომელთა მომგონებს არა მხოლოდ სინდისი არ აქვთ, არა მხოლოდ ინტელექტი არ აქვთ, არამედ, ფანტაზიაც კი არ გააჩნიათ", - ამბობს ადვოკატი და დასკვნითი სიტყვის პირველ ნაწილს პატაკს და პატაკის ავტორს, ჯემალ მირაზაშვილს უთმობს:
„ეს სახელი და გვარი არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიციელის - ის პოლიციის ფორმაში ჩაცმული კრიმინალების კრებსითი სახელია. ისევე, როგორც არაერთი სახელი და გვარი, რომლებიც დღეს მოვისმინეთ და კიდევ მოვისმენთ".
მირაზაშვილის პატაკისა და მისი გამოკითხვის ოქმის შესახებ:
„ჯემალ მირაზანაშვილის 2024 წლის 17 დეკემბრის პატაკში, რომელიც შსს-ს ერთ-ერთი გრძელი დასახელების სამმართველოს უფროსის მიმართ არის შედგენილი, მითითებულია, რომ ჯემალ მირაზანაშვილს აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ წარმოადგენენ სინდისის პატიმრები ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული ნარკორეალიზატორთა ჯგუფს, რომლებიც ეწევიან ნარკოტიკული საშუალებების შეძენას, შენახვასა და რეალიზაციას. უფრო მეტიც, მირაზანაშვილი დარწმუნებულია, რომ ამჟამადაც (ანუ, პატაკის წერის პროცესშიც, გრიბული და ზინოვკინა თან ატარებენ ნარკოტიკულ ნივთიერებას და სახლშიც ინახავენ მას"
„პატაკის შედგენის დღესვე, 17:54 საათიდან 17:59 საათამდე პერიოდში (ანუ, ხუთ წუთში), მირაზანაშვილს, ასევე, გრძელი დასახელების სამმართველოს გამომძიებელი არჩილ ნაცვლიშვილი ჰკითხავს. ამ ხუთ წუთში მირაზანაშვილი სიტყვა-სიტყვით იმეორებს საკუთარი პატაკის შინაარსს. მირაზანაშვილი, ამავე ხუთ წუთში ამატებს, რომ გადაამოწმა შსს-ს ბაზებში ხსენებული პირები. აქვე, ცრუპოლიციელი მირაზანაშვილი კომპლიმენტებს არ იშურებს და აცხადებს, რომ მის „პირად კონტაქტზე მყოფი პირის“ მიერ მოწვდილი ინფორმაცია არის ყოველთვის რეალური და რეალიზებული".
თუთბერიძე მოსამართლეს მიმართავს და ამბობს:
„მე არ ვიცი, ბატონო მოსამართლევ, მირაზანაშვილს როგორ კონტაქტზე ჰყავდა პირი, მაგრამ, მიაქციეთ ყურადღება, იგი თავს არიდებს სიტყვებს „სიმართლე, ჭეშმარიტება, სწორი“. იგი იყენებს სიტყვებს „რეალური“ და „რეალიზებული“. როგორც ჩანს, ცრუმოწმეს ჯერაც შერჩენია ვესტიგიალური სინდისი - ქვეცნობიერად ერიდება იმ სიტყვების გამოყენებას, რომლებიც მისი ცნობიერის ნაწილია და რომლებთა გაბაიბურებაც მცირე დისკომფორტს შეუქმნის".
ფორუმი