ადვოკატი ამბობს, რომ სიცრუეა შსს-ს ბაზიდან ბრალდებულების შესახებ ინფორმაციის მოძიება, რატომ? - ასე ასაბუთებს ადვოკატი:
„ამავე საქმის მე-6 გვერდიც, პატივცემულო მოსამართლევ, სიცრუეა. თითქოს რა უნდა იყოს სიცრუე ანასტასია ზინოვკინას მონაცემთა ამონაბეჭდში შსს-ს ბაზიდან, თუმცა, გთხოვთ, დააკვირდეთ, ზედა მარცხენა კუთხეს, სადაც ბეჭდვის თარიღი და მომხმარებელი უნდა იყოს მითითებული.
თუ გამოიცნობთ, ბატონო მოსამართლევ, ვინ არის მომხმარებელი და რა არის ბეჭდვის თარიღი? ეს კითხვა პირდაპირი მნიშვნელობის მქონეა, რიტორიკული ხერხი არ გახლავთ, რადგან, გთხოვთ, დააკვირდეთ საქმის მე-6 გვერდს, და განაჩენში იმსჯელოთ, ვინ ამობეჭდა ეს ინფორმაცია და როდის?
ეს ინფორმაცია, ქალბატონო ნინო, ოსტატურად, ცბიერად არის წაშლილი და, შესაძლოა, ბეჭდვის ხარვეზი გვგონებოდა ჩვენც და თქვენც, მაგრამ, აბა, თუ გამოიცნობთ, რა ხდება საქმის 25 გვერდზე, სადაც იდენტური დოკუმენტია მოცემული, უკვე მეორე ბრალდებულის, არტემ გრიბულის შესახებ?
სასწაულებრივად, პატივცემულო მოსამართლევ, აქაც წაშლილია ზუსტად იგივე მონაცემები, თუ ვინ და როდის დაათვალიერა და ამობეჭდა ეს ინფორმაცია, მონაცემთა ბაზიდან.
უფრო სწორად, ქალბატონო ნინო, წაშლის მცდელობა სახეზეა, გთხოვთ გადაშალოთ საქმის ფურცელი 26, სადაც ნახავთ, რომ ვისაც ამ მონაცემების წაშლის სათუთი საქმე დაევალა, მაინცდამაინც შრომისმოყვარე არ გამოდგა. იმიტომ, რომ ამ ფურცლის ზედა მარჯვენა კუთხეში ჩანს ფრაგმენტი ციფრებისა 20(?).07.****.
ამას გარდა, იკითხება ის, თუ ვინ ამობეჭდა ინფორმაცია, რომელიც თითქოს ჯემალ მირაზანაშვილმა ამობეჭდა - ემილ კუპრავა.
ბატონო მოსამართლევ, აქ, მე ვფიქრობ, არაფრის გამოცნობა საჭირო არ არის. საიდან აღმოჩნდა ემილ კუპრავას მიერ, თვეებით ადრე ამობეჭდილი ინფორმაცია დეკემბერში შეკერილ საქმეში? და რატომ წაიშალა ინფორმაცია მომხმარებლისა და ამობეჭდვის თარიღის შესახებ?".
ადვოკატს მიაქვს კომპიუტერი მოსამართლესთან აჩვენებს იმას, რასაც საუბრობს.
ვრცლად პროევროპული დემონსტრაციებისას დაკავებული რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების საქმეებზე წაიკითხეთ აქ.
„პოსლეზე დაჭერა... ნისიაზე დაჭერა ჰქვია ამას", - ამბობს ადვოკატი ჟარგონით და აინტერესებს, რა „გაპრავებას" მოუძებნის ამას ადვოკატი.
ადვოკატის თქმით, სიცრუეა გამომძიებლების მტკიცება, რომ მათ ანასტასია ზინოვკინა წინააღმდეგობას უწევდა, იგივე გარემოებები არტემ გრიბულთანაც.
„ამ უტყუარი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, პატივცემულო მოსამართლევ, ცრუგამომძიებელი ემილ კუპრავა სასწრაფოდ იღებს დადგენილებას არტემისა და ანასტასიას პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ, აბა, თუ გამოიცნობთ, სად?
ბუდაპეშტის 48 ნომერში, იქ, სადაც ჯერ კონფიდენტმა, შემდეგ ჯემალამ პატაკში, შემდეგ იგივე ჯემალმა გამოკითხვის ოქმში დააფიქსირეს, 18:16 წუთზე იწყება და 25 წუთში მთავრდება ჩხრეკა, სადაც, ოქმის თანახმად, ზინოვკინა, გოგონა დაზიანებული ხერხემლით გააფთრებულ ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა ყოლიციელებს.
სწორედ ამიტომ, პოლიციელებმა ვერ გამოიყენეს ვიდეოფიქსაციის საშუალებები. ამ წინააღმდეგობის ხუთწამიანი მონაკვეთის ასასახადაც კი. სახელი და გვარი კრებსითია, როგორც აღინიშნა, თუმცა უნდა ითქვას ქალბატონი პოლიციელის გვარი, ვინც ამ ძალიან სანდო დოკუმენტს ხელს აწერს, როგორც ჩხრეკის მონაწილე - თამარ ძნელაძე და თარჯიმანი შორენა ტაბატაძე. მე ამ ადამიანებზე ბევრს არ ვისაუბრებ, არ მგონია, რომ თქვენი დროის დახარჯვად ღირს".
ფორუმი