7 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც პარტიის მომხრეებმა სტამბოლში დემონსტრაცია გამართეს და პარტიული თანამდებობებიდან ადგილობრივი ლიდერების ჩამოშორების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, პოლიციამ ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინასთან მისასვლელი გზები და მის გარშემო მთელი რაიონი ჩაკეტა. ოპოზიციის მომხრეებმა ბლოკადის გარღვევა სცადეს.
პრეზიდენტ ერდოანის მიერ დანიშნულმა სტამბოლის გუბერნატორმა ქალაქის რამდენიმე რაიონში დემონსტრაციები სამი დღით აკრძალა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ოზგურ ოზელმა მხარდამჭერებს პარტიის შტაბ-ბინისკენ მარშის ორგანიზებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ვინც „რესპუბლიკურ სახალხო პარტიას“ იცავს, იცავს თურქეთის რესპუბლიკასაც.
სასამართლომ 2 სექტემბერს მიიღო ოპოზიციური პარტიის სტამბოლის ორგანიზაციის ხელმძღვანელების თანამდებობებიდან ჩამოშორებისა და დროებითი მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ პარტიის მიერ ორი წლის წინ ჩატარებულ ყრილობაზე დარღვევები იყო.
„რესპუბლიკური სახალხო პარტია“ აცხადებს, რომ თურქეთის ხელისუფლება ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის კამპანიას აწარმოებს.
სასამართლოს მიერ დანიშნული მმართველი სტამბოლში, პარტიის მთავარ ოფისში დღეს, 8 სექტემბერს უნდა მივიდეს.
15 სექტემბერს სასამართლოში დანიშნულია სხდომა, რომელზეც სავარაუდოდ, თანამდებობიდან გადააყენებენ პარტიის ლიდერს, ოზგურ ოზელსაც.
2025 წლის მარტში თურქეთის ხელისუფლებამ კორუფციის ბრალდებით დააპატიმრა სტამბოლის მერი, თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი ექრემ იმამოღლუ. მალევე „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ იმამოღლუ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.
2024 წლის მარტში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ ხმების 51%-ით დაამარცხა პრეზიდენტ ერდოანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ კანდიდატი მურათ ქურუმი.
ფორუმი