ლიტერატურის დარგში 2025 წლის ნობელის პრემია მიენიჭა უნგრელ მწერალს, ლასლო კრასნაჰორკაის - ნობელის აკადემიის განცხადებით, "მისი მძლავრი, წარმოსახვითი ლიტერატურული ტრაექტორიისთვის, რომელიც, აპოკალიფსური ძრწოლის პირობებში, კიდევ ერთხელ ამტკიცებს ხელოვნების ძალას".
"ლასლო კრასნაჰორკაი არის დიდი ეპიკური მწერალი ცენტრალური ევროპის ტრადიციაში, რომელიც მოიცავს სივრცეს კაფკადან ტომას ბერნჰარდამდე, და რომელიც გამოირჩევა აბსურდიზმითა და გროტესკული გადაჭარბებით", - წერს აკადემია განცხადებაში და დასძენს: "მაგრამ მის მშვილდში სხვა ისრებიცაა, იგი აღმოსავლეთისკენაც იყურება და ფლობს უფრო ფიქრიან, ოსტატური კალიბრის ინტონაციას".
კრასნაჰორკაი მეორე უნგრელი მწერალია, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა - 2002 წელს ეს ჯილდო იმრე კერტესმა მიიღო.
ლასლო კრასნაჰორკაი უნგრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, რუმინეთის საზღვართან ახლოს, პატარა ქალაქ გაილაში დაიბადა.
პოპულარობა მას მოუტანა 1985 წლის რომანმა "სატანტანგო", რომელშიც მოქმედება უნგრეთის სოფელში ვითარდება - ეს რომანი უნგრეთში ლიტერატურული სენსაცია გახდა.
"ეს რომანი ძლიერი ფორმით აღწერს უნგრეთის სოფელში, მიტოვებულ კოლექტიურ ფერმაში მცხოვრებ გაღატაკებულ ადამიანებს, კომუნიზმის დაცემამდე ცოტა ხნით ადრე", - წერს აკადემია.
კრასნაჰორკაის ახლო შემოქმედებითი პარტნიორობა ჰქონდა უნგრელ კინორეჟისორ ბელა ტართან, რომელსაც, მის სხვა ნაწარმოებებთან ერთად, "სატანტანგოს" ეკრანიზაციაც ეკუთვნის. ამ თანამშრომლობას ფართო საერთაშორისო აღიარება მოჰყვა.
ნობელის პრემია დაარსდა შვედი ბიზნესმენის და დინამიტის გამომგონებლის, ალფრედ ნობელის ანდერძით - ლიტერატურის, მეცნიერების და მშვიდობის სფეროებში პრემიები გაიცემა 1901 წლიდან.
11 მილიონი შვედური კრონის (1,2 მილიონი დოლარი) ღირებულების ლიტერატურული პრემია წარსულში მიღებული აქვთ ამერიკელ ავტორს, უილიამ ფოლკნერს (1949), თურქ მწერალს, ორჰან ფამუქს (2006), ამერიკელ პოეტს და მუსიკოსს, ბობ დილანს (2016), ნორვეგიელ იუნ ფოსეს (2023). შარშან დააჯილდოვეს სამხრეთკორეელი ჰან კანგი - იგი ამ პრემიის მეთვრამეტე ქალი მფლობელი გახდა.
ფორუმი