Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციომ ძალაში დატოვა სხვიტარიძისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა

საბა სხვიტარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში
საბა სხვიტარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში

სააპელაციო სასამართლომ არ შეცვალა პროევროპული აქციების აქტიური მონაწილისა და პარტია „ახლის“ წევრის, საბა სხვიტარიძის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება. მოსამართლე გიორგი კერატიშვილის გადაწყვეტილებით, სხვიტარიძეს პატიმრობაში ორი წლის გატარება მოუწევს. 

„სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საბა სხვიტარიძის საქმეზე განაჩენი ისე, რომ არ ჩანიშნა ზეპირი სხდომა. ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რადგან არსებობდა არაერთი სიტყვიერი არგუმენტი, რომელზეც სასამართლოს უნდა გაემახვილებინა ყურადღება. მით უფრო, როცა არსებობდა მტკიცებულება სხვიტარიძის მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ“, - სხვიტარიძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გადაწყვეტილება დღეს, 12 ნოემბერს ჩაბარდათ.

​მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

საბა სხვიტარიძეს 2-წლიანი პატიმრობა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიუსაჯა. მან განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 სექტემბერს გამოაცხადა.

საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით დააკავეს, მანამდე რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო.

პროკურატურა 2025 წლის 24 ივლისამდე ამტკიცებდა, რომ ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება. თუმცა ამ დღეს წინასასამართლო სხდომაზე მას ბრალი შეუმსუბუქა და მას სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG