გიორგი რურუას ადვოკატი, ია სირადაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. დაღუპული ჰყავს დედა, გამზრდელ დეიდასაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ხშირად ხდება ცუდად და თუ მას არ დაეხმარებიან ეს შეუქცევად პრობლემებს გამოიწვევს.
ჰყავს შვილი და ცოლი, მუშაობდა დომინოში.
„რამდენიმეწამიანი ვიდეოს გარდა მის წინააღმდეგ საქმეში არაფერი არსებობს, ნასამართლები არ არის, ადმინისტრაციული დარღვევაც კი არ აქვს... განათლებით იურისტია, კარგი პიროვნებაა... რა ჩანს ვიდეოში? კარს კიდებს ხელს სამი წამი და გამოდის უკან... ", - ამბობს ადვოკატი.
გიორგი რურუა საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჰყვება და პატიმრობის ალტერნატიული ღონისძიებით შეცვლას მოითხოვს:
„მე შემიძლია აგიხსნად სამედიცინო კუთხით ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობა... ამას წინათ შემოსულიყო იყო ციხეში ექიმი, მან მითხრა ასეთი რამ, როცა გაეცნო შედეგებს - ახლოს ხარ თირკმელების დაკარგვასთანო, მაქვს კენჭებიც... საპატიმროში ყოფნა არის სამედიცინო ნორმებს მოკლებული და ყველაფერს თავი დავანებოთ, კანონითაც მაქვს უფლება ჩემი სიცოცხლე და ჯანმრთელობა უკეთ იყოს დაცული და არ მომადგეს ზიანი, რაც შეიძლება მომაყენოს საპყრობილემ.
ჩავიტარე კონტრასტული კვლევა... ექიმმა მითხრა, რომ იმდენად რთული მდგომარეობაა თირკმელებში, რომ ქირურგიულ ჩარევასაც ვერ დავუშვებო, უნდა ეცადო, რომ იცხოვრო ჯანსაღ პირობებში, უნდა აკონტროლო თავი სამედიცინო კუთხით, რომელიც გულისხმობს ანალიზებს. სისხლში აზოტის მაღალი დონეა, რომელიც აჩერებს თირკმელების სტანდარტულ ფუნქციონირებას, როცა ქვეითდება თირკმელების მუშაობა, სხეული კარგავს სასიცოცხლო ფუნქციებს.
....მჭირდება არა ასეთი დაბრკოლებები [გულისხმობს ციხეს]. რთული პაციენტი ვარ სამედიცინო კუთხით, დიდი ახსნა არ სჭირდება იმას, რომ საპყრობილეში ეს შეუძლებელია და სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს. გაითვალისწინეთ, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი, რომელიც სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებას ითვალისწინებს და აქ სადავო არაფერია და არ უნდა იყოს სახელმწიფო აქტორი ამ მოქმედებაში [გულისხმობს ჯანმრთელობის დაზიანებას].
გაითვალისწინეთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნა. უამრავი ალტერნატივა არსებობს. ჯანდაცვის სამინისტროსაც აქვს წერილი მოწერილი და მას შემდეგ მოხდა ექიმის შემოსვლა. აქედან გამომდინარე, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემები, დოკუმენტაცია სრულად გაქვთ, ყველაფერს პირდაპირ მიუთითებს და თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ დაიბაროთ ციხის ექიმი და იმავეს დაგიდასტურებთ, რასაც მე გეუბნებით".
[ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობა პერსონალური ინფორმაციაა რადიო თავისუფლება გიორგი რურუას მონათხრობ ყველა დეტალს საჯაროდ არ აქვეყნებს].
პროკურორი, ლაშა ცქვიტარია ამბობს, რომ რაიმე ახალი გარემოება სახეზე არ არის, ამიტომ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, უცვლელი უნდა დარჩეს.
„ექვემდებარებიან სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას პენიტენციურ დაწესებულებაში“, - თქვა მან.
გიორგი ქორქიას ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ასაბუთებს, რატომ არ უნდა იყოს პატიმრობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი.
„ჩვენ მოვისმინეთ ბრალდების პოზიცია, ყველა ციხეში - ნულოვანი ტოლერანტობა, მოვისმინეთ, რომ არ არის არანაირი ახალი გარემოება, მას შემდეგ, რაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა განისაზღვრა და რომ ისინი უნდა დარჩნენ პატიმრობაში.
მინდა, პროკურორს შევახსენო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებით, რა არგუმენტი აქვს ბრალდების მხარეს, როცა ითხოვს პატიმრობას.
პირის დადგენილებაში წერია, რომ გიორგი ქორქიამ ჩაიდიან ჯგუფური ძალადობა, რომელიც გამოიხატა იმაში, რომ მის ქმედებას თან ახლდა, რბევა, ძალადობა, იარაღის გამოყენებით.
38 ტომი, რომელიც წარმოადგინა ბრალდებამ, არის ის ინფორმაცია, რომლიც მედიასაშუალებებშია წარმოდგენილი. არც იარაღი, არც რბევაში მონაწილეობა, არც იარაღის გამოყენებით კონკრეტული პირის მიმართ თავდასხმა არ გახლავთ გიორგი ქორქიას ჩადენილი ქმედება და ამას ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.
ბრალდების მეორე ტექსტში წერია, რომ „ჯგუფურად დააზიანეს რკინის ღობე, სხვადასხვა პირების მოწოდების შემდეგ შეიჭრნენ სტრატეგიული ობიექტის ეზოში, ვერ ნახავთ გიორგი ქორქიას აქტიურ ქმედებას, რომ ის არის ეზოში შესული, ეჯაჯგურება ღობეს ან გამოხატავს თავდასხმის ნაწილში მოქმედებას.
ამიტომაა ბრალდებულის მხრიდან სამართლიანი პროტესტი სასამართლოს მიმართ: „რა გინდათ ჩვენგან“.
მინდა სასამართლომ იცოდეს, რომ გიორგი ქორქია, რომელიც თურმე არის მოძალადე, ჯგუფის წევრი, სტრატეგიული ობიექტზე თავდამსხმელი, არის სამართლებრვი ბელეტრისტიკა და არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებით...
ჩვენ არ უარვყოფთ, რომ ადგილზე ვიყავით..ხანგძლივი ყოფნა პატიმრობაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა.
პატიმრობაში დატოვება სახელმწიფო ბრალდების მხრიდან დაუსაბუთებელია და თქვენ იმიტომ მიგყავთ პროცესი, რომ გარემოებები ობიექტურად შეაფასოთ - არის კი საფუძველი პატიმრობაში დატოვების?".
ფორუმი