ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იწყებს საუბარს. მისი ცნობით, „აფხაზეთის ომის ერთ-ერთი მონაწილეა გიორგი ქორქია, რომელმაც ამ ომში დაზიანება მიიღო და ამ ომში მიღებული ჭრილობის შედეგად, გარკვეული სახის დაზიანებები დღევანდელ დღესაც მოჰყვება.
მისი თანხმობით ვაცხადებ საჯარო სხდომაზე მის ჯანმრთელობის მდგომარეობას...
გიორგი ქორქიას ფეხზე აქვს ატროფია, რაც ნიშნავს ფეხის შესუსტებას, ფეხის შემცირებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმე ამით არ სრულდება... წარმოდგენილია დოკუმენტაცია".
„დავტოვოთ გიორგი ქორქია ხანგრძლივ პატიმრობაში იმის გამო, რომ ის იყო აქციის მონაწილე, დავტოვოთ, ბატონო მოსამართლე?", - სვამს კითხვას ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.
ადვოკატ, გაგი მოსიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალს არ ეთანხმებიან, მზად არიან ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რათა გაირკვეს სიმართლე და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.
ამირან დოლიშვილის ადვოკატი, მარიამ შათირიშვილი ამბობს, რომ მოსამართლემ ყურადღება უნდა მიაქციოს, როგორც ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობს ისე, სოციალურ ფონს.
ადვოკატის თქმით, დოლიშვილის დაკავებისას სამართალდამცველებმა ძალას და უფლებამოსილებას გადაამეტეს, მათ მიმართეს კიდეც პროკურატურას ამ ფაქტის გამოძიების მიზნით.
დოლიშვილი 21 წლისაა, ჰყავს დედა ჯანმრთელობის პრობლემებით და უვლის პატარა არასრულწლოვან ძმას. დაკავების დროს მასთან ერთად იყო.
„დოლიშვილი პირველად იყო იმ დღეს, 4 ოქტომბერს აქციაზე, ის ჩამოვიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სოფელ მუხრანიდან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაბრუნდა უკან - იმავე დღეს. ვიდეოებში ჩანს, რომ მას სახე არ აქვს დაფარული, მოფარებული აქვს საქართველოს დროშა და არც ერთი დეფინიცია ბრალში მის ქმედებას არ შეესაბამება, ის არ დაპირისპირებია სამართალდამცავ ორგანოებს, ხმაც არ ამოუღია, ის უბრალოდ დგას და როცა გაზს უშვებენ, იფარებს ხელს და ბრუნდება უკან“, - ამბობს ადვოკატი და აგრძელებს:
„როცა კადრში ჩანს, როგორ უკავია ხელში დოლიშვილს ჯებირი, შემდეგ გრძელდება კადრი, სადაც ჩანს, როგორ მიდის ის აყუდებს ხესთან ჯებირს და ბრუნდება უკან“.
ფორუმი