სერგო მეგრელიშვილის ადვოკატი, დიმიტრი ვარდიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობს. გამოძიება უკვე დაწყებულია, თუ მიმალვის რისკია ალტერნატიული ღონისძიება შეუძლიათ გამოიყენონ, მაგალითად ელექტრონული სამაჯური.
„მე კი არ უნდა ვამტკიცო რა შეიცვალა, თქვენ უნდა ამტკიცოთ ახალი გარემოება რა გაქვთ, როცა ამ ხალხს პატიმრობაში ტოვებთ. ეს ადამიანი არ არის ნასამართლევი, სუფთა წარსულის მქონეა, მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენაზე საუბარი ზედმეტია.. საქმეში მისი დანაშაულის ამსახველი მტკიცებულებაც არაა. 80% მაკულატურაა... სოციალურად დაუცველია, ავადმყოფი დედა და ცოლი, მცირეწლოვანი შვილი“.
ადვოკატი აწვდის მოსამართლეს სამედიცინო დოკუმენტაციას, სადაც მეგრელიშვილის ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერია.
„ერთადერთი მარჩენალია ოჯახის.... პროკურორების რეაქციებიდან ნათელია, რომ მათ იციან არ შეიცვლება გადაწყვეტილება, წინასწარ განაღდებული აქვთ".
აწყვეტინებს პროკურორი - „რა რეაქცია, აბა, რა ამოიკითხეთ?".
ალექსანდრე ჩილაჩავას ადვოკატი ჯანო ჭკადუა ყურადღებას ამახვილებს პატიმრობის სადამსჯელო ღონისძიებად გამოყენების პრაქტიკაზე. მას მიაჩნია, რომ წინასწარი პატიმრობის საფუძვლები არ არსებობს და ბრალდებული ჩილაჩავა ციხეში არ უნდა იჯდეს. მას შეუძლია თავისუფლებაზე მყოფმა მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში და დაელოდოს განაჩენს.
14:14 - ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატი ნინო ლომინაძე ამბობს, რომ პროკურატურის მტკიცება, თითქოს ახალი გარემოებები არ არსებობს, სიმართლას არ შეესაბამება.
„დასრულდა გამოძიება და ის რისკები, რაც პირველი წარდგენისას არსებობდა, აღარ არსებობს. 38 ტომიდან მიუთითოს ბრალდების მხარემ ერთი ფურცელი მაინც, რომლიდანაც შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ რისკები, რომელზეც მიუთითებენ არსებობს.
პატიმრობა ემსახურება რისკების დაზღვევას თუ დასჯას? ამ კითხვაზე უნდა გასცეს სასამართლომ პასუხი. ვფიქრობ სწორედ შეაფასებთ იმ მოცემულობას, თუ რატომ არიან ეს ადამიანები პატიმრობაში. პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა სხვადასხვა ზომებია და არ უნდა დამკვიდრდეს პრაქტიკად პატიმრობის დასჯად გამოყენება.
ის[ჭავჭანიძე] დევნილია, ჰყავს ცოლი, მას მიმალვის ერთი მცდელობაც კი არ ჰქონია....ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არ არსებობს მტკიცებულება, რომ მიიმალება და მართლმსაჯულების განხორციელებას შეუშლის ხელს.... მის წინააღმდეგ არ არსებობს მტკიცებულება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის..სასამართლო უნდა იყოს გარანტორი იმის, რომ ამუშავდეს ალტერნატიული მუხლები“, - ამბობს ნინო ლომინაძე.
14:23 - სულხან ტუღუშის ადვოკატი, ალექსანდრე ზუბიაშვილი ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებდა, ამიტომ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ უნდა იყოს გამოყენებული და მისი დაცვის ქვეშ მყოფი უნდა გათავისუფლდეს.
ადვოკატი ამბობს, რომ ეს ადამიანი პროტესტში მონაწილეობის გამო ისჯება, მსგავსი ხდება რუსეთსა და ბელარუსში.
მოსამართლე ბუგიანიშვილი აჩერებს და მოუწოდებს საქმეს დაუბრუნდეს.
„აქ რაც ხდება სრული მარაზმია, აქ რაზეც სხედან, სრული მარაზმია და არ უნდა იყოს გამოყენებული არც ერთი აღკვეთის ღონისძიება", - ადვოკატის ამ წინადადებას ვალერიან ბუგიანიშვილის გაღიზიანება მოჰყვა:
„სასამართლო სხდომები, მითუმეტეს ჩემი ჩატარებული არ არის მარაზმი და შეარჩიეთ სიტყვები, კორექტულად".
ფორუმი