17:38 - პროევროპული აქციების მონაწილე, აქტივისტი ნანა (ნანუ) სანდერი 8 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალად ედება 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზება. პროკურატურის ცნობით, ის სოციალური ქსელის გამოყენებით აორგანიზებდა ძალადობას, აგროვებდა ფულს ეკიპირებისა და აღჭურვილობისთვის, ასევე გასცემდა მითითებებს, როგორ გაეწიათ წინააღმდეგობა სამართალდამცველებისთვის.
„იგი კატეგორიულად მოითხოვდა სხვადასხვა ბრალდებით დაკავებული თუ მსჯავრდებული პირების გათავისუფლებას და სახელმწიფო დაწესებულების შენობების საჯარო მოსამსახურეებისაგან დაცლას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი როგორც ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორი ცალსახად მოუწოდებდა თანამოაზრეებს, 4 ოქტომბერს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მიმართ განეხორციელებინათ სასტიკი ხასიათის ანგარიშსწორება“, - აცხადებენ პროკურატურაში.
ნანა სანდერი სოციალურ ქსელში საკუთარ თავს „თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველს უწოდებს“. ის თითქმის 16 წელია რაც გერმანიაში შტუტგარტში ცხოვრობს.
ნანუ სანდერი ეთანხმება ადვოკატს და ამბობს:
„მიმალვა და დამალვა არ არის ჩემი სტილი, გერმანიაში ვცხოვრობ 20 წლიდან, ვირძვი გერმანიიდან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, ვინარჩუნებ საქართველოს მოქლაქეობას, რომ დემოკრატიულ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა....
გერმანიაში იყო მუქარა, ოპოზიციურად განწყობილი რომ ვიყავი, შენ დაგიჭერენ... რომ მცოდნოდა დამიჭერდნენ მაინც ჩამოვიდოდი.... მე ჩემი ქვეყნიდან მისამალი არაფერი არ მჭირს... მე საქართველოს მოქალაქე ვარ, რომელსაც 8 წელია მეკუთვნის გერმანიის მოქალაქეობა და არ ამიღია... მე არ ჩამოვსულვარ უბრალოდ საცხოვრებლად, ჩემი მიზანი არის ახალი, სამართლიანი დემოკრატიული ქვეყანა ავაშენოთ, ამას ემიგრანტებსაც შევპირდი.
სამი დღე იყო გასული 4 ოქტომბრიდან, ოპოზიციაც კი ითხოვდა, რატომ არ იჭერთო, მე ვარ ნანა სანდერ, არავისი არ მეშინია, არც გდდ-სი, არც ტიტუშკების და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ, არც დანაშაული ჩამიდენია...".
დარბაზში ტაშია. მოსამართლე აყენებს დამსწრეს, რომელმაც ტაში დაუკრა, შენიშვნას აძლევს.
17:53 - გურიელ ქარდავას ადვოკატი გიორგი ქარდაველიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფილი პოლიტიკური მოტივითაა დაკავებული. ის დახმარება უსასყიდლოდ უწევს, რადგან მიაჩნია, რომ ვალდებულია.
ის მოითხოვს შეიცვალოს პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი.
17:58 - გურიელ ქარდავა ამბობს, რომ არავის მოწოდებას დამორჩილებია და არავის მოწოდებები
„გაუცნობიერებლად რაღაც ნაბიჯები გადავდგი, მაგრამ იქვე დავემორჩილე კანონიერ მოთხოვნას და უკან დავბრუნდი.. 70 წლის დედასთან და 70 წლის მამიდასთან ერთად ვცხოვრობ, დედა პენსიონერია, თავდებია ჩემთან ერთად ბანკში, იყო მომენტი რომ ვერ გადავიხადე და მას ჩამოაჭრეს პენსია“.
ფორუმი