ამ შინაარსის განცხადება 3 დეკემბერს გამოქვეყნდა „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარის, რესპუბლიკელი სენატორის, როჯერ უიკერის, თანათავმჯდომარის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯონ უილსონის, დემოკრატი სენატორის, შელდონ უაიტჰაუსისა და დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის, სახელით.
განცხადების საფუძველია BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება.
„ჰელსინკის კომისიის“ წარმომადგენლები „ღრმად შემაშფოთებელს“ უწოდებენ მონაცემებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს „ქიმიური იარაღი გამოიყენა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ“. ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების განცხადებით, „ამ ქიმიურმა თავდასხმებმა“ მსხვერპლთა შორის გამოიწვია დამწვრობები და ჯანმრთელობისთვის ხანგრძლივი გართულებები, რაც ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებების დარღვევაა.
„ჰელსინკის კომისია“ მიიჩნევს, რომ მსგავსი საქციელით „ქართული ოცნების“ ადგილია „რუსეთის და ჩინეთის კორუმპირებული მმართველების ლიგაში“, რომლებსაც საკუთარი ხალხის ეშინიათ და ხელისუფლების შესანარჩუნებლად უკან არაფერზე დაიხევენ.
ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები მოუწოდებენ აშშ-ის მთავრობას და დემოკრატიულ მოკავშირეებს, გავრცელებული ცნობები გადაამოწმონ და დამნაშავეებს შესაბამისი სანქციები დაუწესონ.
„მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობასა და ჩვენს დემოკრატ მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და შესაბამისი სანქციები დაუწესონ პასუხისმგებელ პირებს. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს კონგრესში, მიიღონ MEGOBARI აქტი, ორპარტიული კანონმდებლობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს მისცემს ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად“, - წერია განცხადებაში.
2025 წლის 6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act). („საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“).
კანონპროექტი ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას. ამავდროულად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, დებს საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას.
რამდენიმე დღის წინ, 1 დეკემბერს, BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნებამ“ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომლის უფროსიც პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი საპარლამენტო ლიდერი მამუკა მდინარაძეა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორი მუხლით:
- „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და
- „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.
„გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“, - აცხადებს სამსახური.
სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს BBC-ს საგამოძიებო ფილმის რესპონდენტები. მათ შორის ექიმები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ფორუმი