Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარჯველაძე BBC-ს გამოძიებაზე: ნივთიერება, რომელზეც საუბრობთ, წყალში არ ზავდება


მიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე

​„ქართული ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს სჯერა, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციების დაშლის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებდა კანონის დაცვით. მისი შეფასებით, BBC-ს გამოძიებაში აქციის დაშლის დროს სავარაუდოდ გამოყენებულ ნივთიერებაზე საუბრით, „მოგონილი აჟიოტაჟია ატეხილი“.

„ვიდრე ადამიანებს ეტყვით, თითქოს კონკრეტული ნივთიერებით მოწამლეს, მანამდე მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო - ნივთიერება [„კამიტი“], რომელზეც ადამიანებს ეუბნებით რომ გამოიყენეს, წყალში საერთოდ არ ზავდება - ეს ელემენტარული ქიმიაა...“ - თქვა სარჯველაძემ.

  • BBC-ის მიერ 1 დეკემბერს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, BBC-მ მოიპოვა 2019 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში არსებული ინვენტარი. ამ დოკუმენტში დაფიქსირებული იყო ორი ქიმიკატი და ინსტრუქცია, როგორ უნდა შეურიონ ისინი წყალს:
  • „ქიმიური სითხე UN 1710“ - BBC-ის განმარტებით, ეს არის ტრიქლორეთილენი (TCE), - „გამხსნელი“, რომელიც სხვა ნივთიერებას წყალში ხსნადს ხდის;
  • „ქიმიური ფხვნილი UN 3439“ - ქოლგა ტერმინი, რომელიც სხვადასხვა ნივთიერებას მოიცავს, თუმცა დემონსტრანტების სიმპტომების გათვალისწინებით, BBC-ს ექსპერტები ეუბნებიან, რომ ეს არის ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“.
  • გამოცემის თანახმად, მათ „არაერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა“ ამ დოკუმენტის ნამდვილობა და გარემოება, რომ ეს ორი დასახელების ნივთიერება გამოიყენებოდა.
  • ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ „კამიტი“ დამოუკიდებლად არ იხსნება წყალში ისე, როგორც, მაგალითად, შაქარი, მისი წყალში შერევა და ჭავლით გაფრქვევა შესაძლებელია. დამატებით, შესაძლებელია ემულსიის მისაღებად ორგანული გამხსნელის, მაგალითად, TCE-ის დამატება, - BBC-ის ცნობით, სწორედ ეს გამხსნელია ინვენტარში ნახსენები.

დღეს მიხელი სარჯველაძეს ჟურნალისტმა რამდენჯერმე ჰკითხა, ცნობილია თუ არა მისთვის, რა ნივთიერებას ურევდა წყლის ჭავლში შინაგან საქმეთა სამინისტრო გასულ წელს აქციის დაშლის დროს:

„მე მეუბნებიან, რომ კონკრეტული ფორმულა უნდა გამოიკვლიო მარტო იმიტომ, რომ ვინმემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა BBC-ს, BBC-მ გადაუმოწმებლად, ნებსით თუ უნებლიედ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და ამიტომ, თურმე მე უნდა დავჯდე და რაღაც კონკრეტული ინფორმაციები ვარკვიო, რომელიც აპრიორი ვიცი, რომ აბსოლუტურად მცდარი და მტკნარი ტყუილია“.

არცერთი მაღალჩინოსანი, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ინფორმაცია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლის დროს გამოყენებული ნივთიერების შესახებ, ნივთიერების სახელსა და ქიმიურ შემადგენლობას არ ასახელებს.

რამდენიმე დღის წინ, 1 დეკემბერს, BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნებამ“ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომლის უფროსიც პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი საპარლამენტო ლიდერი მამუკა მდინარაძეა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორი მუხლით:

  • „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და
  • „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.

„გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“, - აცხადებს სამსახური.

სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს BBC-ს საგამოძიებო ფილმის რესპონდენტები. მათ შორის ექიმები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG