Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უკრაინას 2026-27 წლებში 400-400 მლნ დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს


საილუსტრაციო ფოტო: აშშ-ის სამხედრო მოსამსახურე ერაყში. 5 თებერვალი, 2006.
საილუსტრაციო ფოტო: აშშ-ის სამხედრო მოსამსახურე ერაყში. 5 თებერვალი, 2006.

2026 წელს აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის გამოყოფილია 400 მილიონი დოლარი. The Hill-ის მიერ გამოქვეყნებული კანონპროექტის თანახმად, იგივე თანხა არის გამოყოფილი 2027 წლისთვისაც.

დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის 2026 წლის ბიუჯეტი 901 მილიარდი დოლარი იქნება. პრეზიდენტმა ტრამპმა ადრე 892,6 მილიარდი დოლარი მოითხოვა.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს რუსეთის „სამხედრო სტრატეგიის, მიზნებისა და ძალთა განლაგების შეფასებას, რომლებიც გავლენას ახდენს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებზე“, განსაკუთრებით ჩინეთზე.

დოკუმენტი შეიცავს ცალკე წინადადებას, რომ აღიწეროს „ორმხრივი ან მრავალმხრივი თანამშრომლობის მასშტაბები“ ჩინეთს, რუსეთს, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიპლომატიურ, საინფორმაციო, სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში“.

გარდა ამისა, დოკუმენტი მოიცავს სამხედრო პერსონალის ხელფასების 3,8%-ით ზრდას, იარაღის წარმოების ზრდას და პენტაგონის საკონტრაქტო სისტემის რეფორმას. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სამხედრო დრონების წარმოების დაჩქარებას, სარაკეტო თავდაცვის სისტემის რეფორმირებას, მრავალშრიანი „ოქროს გუმბათის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნას და ჯარების განლაგებას აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანებულებების შესაბამისად.

კანონპროექტის განხილვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მიმდინარე კვირაში დაიწყება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG