ეს პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს 7 დეკემბერს საღამოს უთხრა ვაშინგტონში, კენედის ცენტრში, სადაც საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
ტრამპის თანახმად, წინადადებები ზელენსკის ხალხს მოსწონს, მას კი არა და მისაღებია რუსეთისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, საიდან აქვს ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტს წინადადებები ჯერ არ წაუკითხავს და თუ ასეა, როგორ შეიძლება მოსაწონი არ იყოს, ან იყოს.
უკრაინაში ომის დასასრულებლად ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებული გეგმა, რომლის შესახებაც პირველად ცნობილი გახდა ნოემბრის მეორე ნახევარში და მედიაში გაჟონილი პროექტის თანახმად ითვალისწინებდა, ძირითადად, რუსეთის მოთხოვნებს, მათ შორის ანექსიის აღიარებას, მას შემდეგ გარკვეულწილად შეიცვალა.
აშშ-ის და უკრაინის დელეგაციებმა მოლაპარაკება ჯერ ჟენევაში გამართეს, შემდეგ კი ფლორიდის შტატში. მოლაპარაკების ბოლო რაუნდი 4-6 დეკემბერს მაიამიში მიმდინარეობდა პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების, სტივენ უიტკოფის და ჯარედ კუშნერის და უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ანდრი ჰნატოვის მონაწილეობით. 6 დეკემბერს უიტკოფსა და კუშნერს ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტი ზელენსკიც.
მანამდე, 2 დეკემბერს უიტკოფი და კუშნერი კრემლში შეხვდნენ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. მოლაპარაკების შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შეერთებული შტატების ზოგიერთ წინადადებას არ დასთანხმდა.
მხარეები გეგმის დეტალებს ოფიციალურად არ ასაჯაროებენ.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ამ კვირაში ლონდონსა და ბრიუსელს ეწვევა, გასულ ღამით უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ამ დღეებში უკრაინის წარმომადგენლებს, უმეროვს და ჰნატოვს საგნობრივი საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, ამჟამად ევროპისკენ მიემგზავრებიან და მათგან ელოდება დეტალურ ინფორმაციას, თუ რა უთხრეს ამერიკელებს მოსკოვში და რომელი „ნიუანსების მოდიფიცირებისთვის" არიან მზად ამერიკელები უკრაინასა და რუსეთთან მოლაპარაკებებისას.
ზელენსკის თქმით, აშშ-ის წარმომადგენლებმა იციან უკრაინის საბაზისო პოზიციები, მუშაობა გრძელდება, ზოგიერთი საკითხი მხოლოდ პირადად უნდა განიხილონ, უმეროვი და ჰნატოვი მას მოახსენებენ და ლონდონსა და ბრიუსელში საუბარი ექნებათ ევროპის ლიდერებთანაც.
ფორუმი