Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უიტკოფი და კუშნერი ჩავიდნენ ბერლინში, სადაც ზელენსკისთან გაიმართება მოლაპარაკებები


უიტკოფი და კუშნერი ჩავიდნენ ბერლინში, სადაც ზელენსკისთან გაიმართება მოლაპარაკებები, 2025 წლის 14 დეკემბერი
უიტკოფი და კუშნერი ჩავიდნენ ბერლინში, სადაც ზელენსკისთან გაიმართება მოლაპარაკებები, 2025 წლის 14 დეკემბერი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 14 დეკემბერს ჩავიდნენ ბერლინში, სადაც, გავრცელებული მოლოდინით, გაიმართება მოლაპარაკება უკრაინაში ომის დასრულების გეგმაზე.

მათი ბერლინში ჩასვლის შესახებ საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან. მოელიან, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის, აშშ-ის და ევროპის სახელმწიფოების წარმომადგენლები.

უცნობია როდის დაიწყება შეხვედრები. თეთრ სახლს ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია უიტკოფისა და კუშნერის ბერლინში ჩასვლის თაობაზე. ტრამპი მანამდე ამბობდა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ევროპაში გამართულ მოლაპარაკებებში, თუკი ამას აზრი ექნება.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მანამდე ადასტურებდა, რომ ბერლინში "უახლოეს დღეებში" გაიმართებოდა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, მისი პირდაპირი მონაწილეობით, და რომ იგი ტრამპის წარმომადგენლებს შეხვდებოდა. გერმანიის ხელისუფლებამ გამოაცხადა ზელენსკის ბერლინში ორშაბათს ვიზიტის შესახებ.

14 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბარში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკის მხარეს ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია უკრაინის ბოლო წინადადებებზე სამშვიდობო შეთანხმების გარშემო. ზელენსკის თქმით, ამჟამად ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო მზად არაა უკრაინის მისაღებად, და ამიტომ კიევი, კომპრომისის სახით, მზადაა უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად აშშ-სგან და ევროპისგან, ნატოს გარეთ ყოფნის პირობებში. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმება ბოლომდე არავის არ დააკმაყოფილებს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მშვიდობის დამყარების შემდეგ გამოირიცხოს რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის შესაძლებლობა.

მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ სამშვიდობო გეგმის ბევრი პუნქტის შეთანხმების მიუხედავად, გადაუჭრელი რჩება ტერიტორიული საკითხები - მათ შორის რუსეთის მოთხოვნა უკრაინის არმია გავიდეს დონეცკის ოლქიდან. მედიასაშუალებების ინფორმაციით, ასევე გადაუჭრელია უსაფრთხოების გარანტიათა საკითხები.

კრემლში მანამდე აცხადებდნენ, რომ უკრაინისგან მოითხოვენ უარის თქმას ნატოში შესვლაზე, გამორიცხავენ ნატოს წევრი სახელმწიფოების ძალების ყოფნას უკრაინაში და ასევე მოითხოვენ სრულ კონტროლს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG