მოლაპარაკებების ფონია მხარეებს შორის კვლავ არსებული უთანხმოება ტერიტორიული კონტროლისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე და რუსეთის მიერ გაძლიერებული თავდასხმები უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.
მოლაპარაკებებს წინ უძღვის უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი კუპიანსკში, ფრონტისპირა ქალაქში, რომლის დაკავების შესახებაც რუსეთმა რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა განცხადება.
ზელენსკიმ კუპიანსკიდან ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. ამ ნაბიჯით უკრაინის ლიდერი ცდილობს დაუპირისპირდეს განცხადებებს, თითქოს მისი ჯარები დამარცხების ზღვარზე არიან.
14 დეკემბერს ზელენსკი გეგმავს შეხვდეს კიევის დელეგაციას, რომელიც გერმანიის დედაქალაქში შეხვდება ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს და აშშ-ის პრეზიდენტის სიძეს, ჯარედ კუშნერს.
დონალდ ტრამპმა 11 დეკემბერს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მოლაპარაკებებზე საკუთარ წარმომადგენლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგზავნის, "თუ ჩავთვლით, რომ არსებობს [პროგრესის] კარგი შანსი. არ გვსურს დროის დაკარგვა, თუ ვფიქრობთ, რომ შედეგი ნეგატიური იქნება".
გერმანიის მთავრობის წყარომ 13 დეკემბერს სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ "უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ამ შაბათ-კვირას ბერლინში მიმდინარეობს, მათ შორის, შეერთებული შტატებისა და უკრაინის საგარეო პოლიტიკის მრჩევლებს შორის".
ამ ეტაპზე, არ არის დაზუსტებული, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებში სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. ასევე უცნობია, ჩაერთვება თუ არა ზელენსკი უშუალოდ ამ მოლაპარაკებებში, თუ ის მხოლოდ საკუთარ გუნდთან გამართავს კონსულტაციებს.
15 დეკემბერს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ბერლინში გეგმავს შეხვედრას ზელენსკისთან და კიდევ რამდენიმე ევროპელ ლიდერთან. დაგეგმილია, რომ ბერლინში იქნება ასევე ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტეც.
მოსალოდნელია, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონი.
„ბერლინში შევხვდები პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებს და ასევე გაიმართება შეხვედრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მრავალ ლიდერთან ერთად, მშვიდობის საფუძვლების საკითხზე, პოლიტიკური შეთანხმების შესახებ, რომელიც ომს დაასრულებს“, - თქვა ზელენსკიმ 13 დეკემბერს გვიან ღამით საკუთარ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.
ბერლინში დაგეგმილი შეხვედრები არის მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში გამართული შეხვედრების სერიის უახლესი ეტაპი. ეს პროცესი ტრამპის მცდელობების ნაწილია, მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას ან სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში.
დიპლომატიური მოლაპარაკებები გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ნოემბერში, ტრამპის ადმინისტრაციამ კიევზე ზეწოლა მოახდინა 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის მისაღებად. ეს გეგმა კრიტიკოსების თქმით, მკვეთრად არის გადახრილი მოსკოვის ინტერესების სასარგებლოდ.
ფორუმი