15:27 - მოსამართლე ელენე გოგუაძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა და ბრალდებული დემონსტრანტები თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე პატიმრობაში დატოვა.
მისი განმარტებით, ის, თუ რა თქვა დაზარალებულმა ყურადღება მისაქცევი და შესაფასებელი, განაჩენის ეტაპზე იქნება მნიშვნელოვანი.
მოსამართლის თქმით, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არ არსებობს, თუმცა არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
„ეს რისკი დღეს არ არის განეიტრალებული... ნუ იცინით, თუ მომისმენთ, თქვენც მიხვდებით, რაზე ვსაუბრობ [მიმართავს თორნიკე თოშხუას]... გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შემთხვევაში სასამართლო გაითვალისწინებს დაზარალებულების პოზიციას... ბრალდებულების პოზიციასაც... თქვენი პოზიცია [თორნიკე თოშხუას მიმართავს] და ეს გამოჩნდა დაზარალებულთან მიმართებით დაკითხვისას.... სასამართლოს მიაჩნია, რომ თუ ბრალდებულები... დღეის მდგომარეობით, შესაძლოა, მოხდეს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელება, ფაქტობრივი გარემოებები ვიცით", - განაცხადა მოსამართლემ.
15:24 - პროკურორი არ ეთანხმება აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას.
„ვერცერთი ბრალდებულისგან ვერ დავინახე სინანულის განცდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვერ აცნობიერებენ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებისთვის საშიშ ხასიათს... მათი აგრესიული დამოკიდებულების ანარეკლია დამსწრეების აგრესია დაზარალებულის მიმართ... ჯგუფურ დანაშაულზე გვაქვს საუბარი, ძალადობრივ დანაშაულზე გვაქვს საუბარი... ამ დანაშაულს ბრალდებულები აგრძელებენ აგრესიული განწყობებით და მათი მხრიდან არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე... დაზარალებულმა დაახასიათა რა ტკივილი განიცადა და დასკვნით სიტყვაში შევაფასებ. ის, რომ დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს, არ არის ახალი გარემოება... მისი შემოყვანა დარბაზში მოხდა აგრესიით და გაყვანა მოხდა აგრესიით... ძალაში დარჩეს პატიმრობა", - ამბობს პროკურორი ნინო ჟვანია.
15:21 - ბრალდებული თორნიკე თოშხუა ამბობს, რომ დიდ უსამართლობას გრძნობს, რადგან იმას ვერ მიაღწია, რომ ბრალდებას ეკითხა ბექა გოცირიძისთვის, ჰქონდა თუ არა მას დანა და ახლა სასამართლო სხდომაზე გოცირიძე ირწმუნება, რომ „თურმე შემდეგ გაახსენდა“.
„ეს საქმე არის იმ უსამართლობის ანარეკლი, რაც ჩვენს ქვეყანაშია“, - ამბობს თორნიკე თოშხუა.
ის მოითხოვს სრულად გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება და არანაირი გირაო.
15:15 - ადვოკატები აყენებენ შუამდგომლობას გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, მას შემდეგ, რაც დაიკითხა მთავარი მოწმე ბექა გოცირიძე.
ომარ ფურცელაძის თქმით, დარჩა მხოლოდ ერთი მოწმე, შსს-ს თანამშრომელი, რომელიც პროცედურულ საკითხებზე მიაწოდებს სასამართლოს ინფორმაციას, ბექა გოცირიძე უკვე დაკითხულია.
ამას გარდა, ბექა გოცირიძის ჩვენებამ, ადვოკატის თქმით, ახალი გარემოებები გამოკვეთა და მოლოდინი გამამართლებელ განაჩენზე „ერთიორად გაიზარდა“.
ალტერნატივად დაცვის მხარემ მოსამართლეს გირაო შესთავაზა.
„ოდენობა განისაზღვროს სიმბოლური ოდენობით“, - ამბობს ომარ ფურცელაძე. თუმცა დაცვის მხარის პირველი მოთხოვნაა - სრულად გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა - პატიმრობა.
ადვოკატმა დათო კუპრავამ ციტატა მოიყვანა ბექა გოცირიძის ჩვენებიდან და განაცხადა, რომ რისკები აღარ არსებობს, ამიტომ ისინი დარბაზიდან უნდა გათავისუფლდნენ.
ფორუმი