უკრაინამ და რუსეთმა დაღუპულთა ცხედრების კიდევ ერთი გაცვლა განახორციელეს. ამის შესახებ განაცხადეს უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ.
შტაბმა აღნიშნა, რომ უკრაინაში დააბრუნეს დაღუპულთა 1003 ცხედარი, რომლებიც, რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელ სამხედროებს ეკუთვნით. მედინსკიმ დაწერა, რომ უკრაინაში 1000 ცხედარი დააბრუნეს, ხოლო რუსეთში - 26.
მედინსკის სიტყვებით, გაცვლა მოხდა სტამბოლის შეთანხმებების ფარგლებში.
2025 წლის 2 ივნისს სტამბოლში, პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს, უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ გაცვლიან ყველა მძიმედ დაავადებულ სამხედრო ტყვეს, დაღუპულ ჯარისკაცთა ცხედრებს პრინციპით 6000-ს 6000-ზე და 18-დან 25 წლამდე ასაკის პირებს. თუმცა, უკრაინასა და რუსეთს შორის გაცვლილი ცხედრების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა ამ მაჩვენებელს. წინა გაცვლა ნოემბერში მოხდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ცხედრების გაცვლის დროს რუსეთმა კიევს 20 არაუკრაინელი მოქალაქის ცხედარი გადასცა. როდესაც ჰკითხეს, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა ამაზე რუსეთის მხარეს, მან უპასუხა: „არანაირად. ამბობენ, რომ ასეთი რამ არ შეიძლება მოხდეს“.
ფორუმი