დამოუკიდებელი გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ უსაფრთხოების სამსახურის ინფორმირებულ წარმომადგენელზე დაყრდნობით 19 დეკემბერს წერს, რომ სპეცოპერაციების ჯგუფმა „ალფამ“ უკრაინის ნაპირებიდან 2 ათასი კილომეტრით დაშორებულ რაიონში, ხმელთაშუა ზღვის ნეიტრალურ წყლებში უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყა ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერ QENDIL-ს, რომელსაც რუსეთი იყენებს სანქციებისთვის გვერდის ავლით ნავთობით ვაჭრობისთვის.
წყაროს თანახმად, ტანკერმა კრიტიკული დაზიანებები მიიღო და თავისი დანიშნულებით ვეღარ გამოიყენებენ. მისივე ცნობით, სპეცოპერაციის მომენტში ტანკერს ტვირთი არ გადაჰქონდა, ამიტომ მასზე შეტევა ეკოლოგიურ საფრთხეს არ ქმნიდა.
უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ტანკერს იყენებდა სანქციებისთვის გვერდის ავლით შემოსავლების მისაღებად, ეს შემოსავალი კი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის გამოიყენება, ამიტომ ომის კანონებისა და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, კანონიერ სამიზნეს წარმოადგენდა.
marinetraffic-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ომანის დროშით მცურავი ტანკერი QENDIL-ი გასულ ღამით იმყოფებოდა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში და 19 დეკემბრის მეორე ნახევარშიც იქ რჩებოდა.
ფორუმი