აზერბაიჯანის სახელმწიფო სააგენტომ დღეს გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება, რომ ილჰამ ალიევი არაფორმალურ სამიტს არ ესწრება დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო.
ალიევის ადმინისტრაციის თანახმად, აზერბაიჯანი რეგულარულად მონაწილეობს დსთ-ის ოფიციალურ სამიტებში და მისთვის მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილი დსთ-ის ამჟამინდელი წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. მოლდოვა ორგანიზაციიდან გასვლის პროცესშია. ასოცირებული წევრია თურქმენეთი.
არაფორმალური სამიტის მონაწილეებს, ბელარუსის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და თურქმენეთის პრეზიდენტებს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს 21 დეკემბერს, საღამოს რუსეთის პრეზიდენტმა პეტერბურგის კონსერვატორიაში კონცერტზე უმასპინძლა. მანამდე კონსერვატორიაში გაიმართა „ტოლსტოის სახელობის მშვიდობის პრემიით“ დაჯილდოების ცერემონია. დაჯილდოებულთა შორის არიან ყირგიზეთის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის პრეზიდენტები.
დსთ-ის ლიდერთა არაფორმალური სამიტის წინ, 21 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში გაიმართა ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საბჭოს სხდომა. ამ ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
ფორუმი