თამარ ონიანი დღეს, 22 დეკემბერს, აირჩიეს საია-ს გამგეობის წევრებმა ორგანიზაციის თავმჯდომარედ. ის ამ პოზიციაზე ჩაანაცვლებს ნონა ქურდოვანიძეს, რომელიც პოზიციას 2022 წლიდან იკავებდა.
- თამარ ონიანი 2023 წლიდან არის საიას ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი;
- ამასთან, 2022 წლიდან - თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრი.
- ის ორგანიზაციაში მუშაობს 2018 წლიდან, როდესაც მუშაობა დაიწყო სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე.
- „ამ პოზიციაზე თამარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა / ხელმძღვანელობდა სტრატეგიული მნიშვნელობის სამართლებრივ დავებს, რომლებიც შეეხებოდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, წამების აკრძალვას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა რეგიონებში უფლებადარღვევებს“, - იუწყება საია.
მანამდე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის პოზიცია სამი ვადით ეკავა ნონა ქურდოვანიძეს, უფრო ადრე კი ნიკა სიმონიშვილს.
საია-ს განმარტებით, წესდების შესაბამისად, ნონა ქურდოვანიძეს აღარ ჰქონდა მორიგ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.
„საიას გუნდი მადლიერია ნონა ქურდოვანიძის მიერ გაწეული საქმიანობისთვის. მისი ლიდერობით ჩვენ რთულ პერიოდში შევძელით ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა და განახლებული შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას“, - აცხადებს ორგანიზაცია.
საია ერთ-ერთი ის ორგანიზაციაა, რომელიც წლებია, დასავლური ფონდების ფინანსური დახმარებით მუშაობს; იგი წლებია, იცავს არაერთი დემონსტრანტის თუ ჟურნალისტის უფლებებს. მათ შორის, წარმოადგენს „სახაროვის პრემიის“ მფლობელს, პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს, სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე დავაში.
ფორუმი