Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანმა პუტინთან განაცხადა, რომ „ტრამპის მარშრუტის“ ნიუანსები რუსეთ-სომხეთის ურთიერთობასაც ეხება


ნიკოლ ფაშინიანი დღეს სანქტ-პეტერბურგში შეხვდა ვლადიმირ პუტინს.
ნიკოლ ფაშინიანი დღეს სანქტ-პეტერბურგში შეხვდა ვლადიმირ პუტინს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის აშშ-ის მედიაციით მიღწეული „ტრამპის მარშრუტის“ პროექტი ითვალისწინებს ისეთ „ნიუანსებსაც“, რომლებიც რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებს უკავშირდება.

ფაშინიანმა და პუტინმა ორშაბათს, 22 დეკემბერს, სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს ქვეყნების ლიდერების სამიტის შემდეგ გამართეს შეხვედრა და ისაუბრეს ინიციატივაზე, რომლის ფარგლებშიც იგეგმება, ამერიკულმა კომპანიებმა აკონტროლონ აზერბაიჯანიდან თავის ანკლავ ნახიჩევანისკენ სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო გზა.

შესავალ სიტყვაში ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმირ პუტინს მადლობა გადაუხადა „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის“, რაც, მისი თქმით, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების გაღრმავების „ახალ შესაძლებლობებს“ ქმნის.

„ამჟამად ჩვენ ასევე ვაწარმოებთ ძალიან კონსტრუქციულ ორმხრივ მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან „ტრამპის მარშრუტის“ გზის განხორციელებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით“, - თქვა მან.

„ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი და შინაარსიანი ცვლილებებია ჩვენს რეგიონში და აქ ბევრი ნიუანსია რუსეთის ფედერაციასთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყველა ამ საკითხის განსახილველად“, - განაცხადა სომხეთის ლიდერმა.

ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) და ნიკოლ ფაშინიანი
ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) და ნიკოლ ფაშინიანი

პუტინმა, თავის მხრივ, ისაუბრა მოსკოვსა და ერევანს შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის საკითხებთან დაკავშირებით არსებულ „კარგ გეგმებზე“.

„ვგულისხმობ ძველი მარშრუტების აღდგენას და ახალი მარშრუტების შექმნას, რომლებიც სომხეთის საზღვრებს გახსნის“, - თქვა მან დეტალების დაუზუსტებლად.

  • 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებებს.
  • ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).
  • ნიკოლ ფაშინიანმა პირობა დადო, რომ შეერთებულ შტატებს სატრანზიტო დერეფნის განვითარების ექსკლუზიურ უფლებებს მიანიჭებდა.
  • მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსები ამ შეთანხმებას სომხეთში რუსეთის გავლენაზე მორიგ დარტყმად მიიჩნევენ, რუსეთის ხელისუფლების საჯარო რეაქცია ამ საკითხზე „ფრთხილი“ იყო, - წერს რადიო თავისუფლების სომხური სამსახური.
  • მოსკოვმა განაცხადა, რომ სატრანზიტო შეთანხმება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სომხეთის წევრობას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში და რუსი მესაზღვრეების ყოფნას სომხეთ-ირანის საზღვარზე.
  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა, მიხაილ კალუგინმა, გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა ითამაშოს როლი ამ შეთანხმებაში. კალუგინი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორია.
  • მან განაცხადა, რომ სომხეთის რკინიგზის ქსელს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „რუსეთის რკინიგზა“ RZhD მართავს და რომ მარშრუტი გაივლის „ჩვენი სასაზღვრო დაცვის პასუხისმგებლობის ზონას“.
  • პასუხად ერევანში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ TRIPP-ში რუსეთის შესაძლო მონაწილეობის შესახებ არანაირი განხილვა არ ყოფილა. სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რუბენ რუბინიანმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად განაცხადა:
  • „ჩვენ მოხარული ვართ, რომ მათ [რუსეთს] მზადყოფნა აქვთ, რომ ვისაუბროთ ამ საკითხზე. თუ გნებავთ, 160-ჯერ გაგიმეორებთ: ამჟამად ასეთი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მე არ ვპასუხობ ჰიპოთეზურ კითხვებს“.
  • 14 აგვისტოს Fox News-სთან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში აშშ-სომხეთი-აზერბაიჯანის შეთანხმება და „ტრამპის მარშრუტის ინიციირება“ სარგებელს აძლევს რუსეთის ფედერაციასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკასაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG