Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, ევროკავშირს საქართველოს მიმართ „ორპირი ქარის პოლიტიკა აქვს“


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აგრძელებს ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლების დადანაშაულებას საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერების საკითხზე. „რუსთავი 2-ის" ეთერში საუბრისას მან თქვა, რომ ევროინტეგრაცია გამოიყენება „შანტაჟის ინსტრუმენტად“.

„როდესაც შესთავაზეს თავიდან უკრაინას განაცხადის შეტანა, ლოგიკური იყო, შეიტანდა მოლდოვა, საქართველო. ისე არ აღმოჩნდეს ბოლოს, რომ ეს ყველაფერი მოაზრებული იყო არა მარტო საქართველოს მიმართ, ყველა ქვეყნის მიმართ, როგორც არა როგორც ღია კარის პოლიტიკა, ამ შემთხვევაში ევროკავშირის მხრიდან, არამედ, როგორც ორპირი ქარის პოლიტიკა“, - თქვა კობახიძემ.

ბოლო რამდენიმე დღეა, „ქართული ოცნების“ ლიდერები აკრიტიკებენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას და მას მოიხსენიებენ, როგორც „ორპირი ქარის პოლიტიკას“.

„გამოჩნდა ერთადერთი რამ, როგორც ნატოს ღია კარის პოლიტიკა, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა, აქაც აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა არა ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, არამედ ორპირი ქარის პოლიტიკა“, - თქვა მან.

„მთავრობის მიერ კურსიდან გადახვევის“ გამო, რაც გამოიხატებოდა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების მიღებით, ევროკავშირის ლიდერები საუბრობდნენ ევროინტეგრაციის შეჩერებაზე.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადი 2022 წლის 3 მარტს შეიტანა, კანდიდატის სტატუსის მიღებამდე კი დააინიციირა „აგენტების კანონი“, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსებულ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს „აგენტთა რეესტრში“ დარეგისტრირებას ავალდებულებდა.

ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ კანონპროექტი უკან გაიწვიეს. რამდენიმე თვეში, 2023 წლის 14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო.

ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე თვეში „ქართულმა ოცნებამ“ იგივე კანონი შეცვლილი სახელწოდებით მაინც მიიღო. კანონის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნა „ქართულმა ოცნებამ“ არ გაიზიარა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს - პროტესტი მოჰყვა ამ გადაწყვეტილებასაც. პოლიციამ აქციები ძალის გამოყენებით დაშალა - იძალადეს არაერთ ჟურნალისტსა და დემონსტრანტზე, არცერთი სამართალდამცავი არ დასჯილა. პროტესტი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG