სენატში 17 დეკემბერს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად კანონპროექტს, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA), მხარი დაუჭირა 77-მა სენატორმა. 20 წინააღმდეგი იყო.
მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით გასულ კვირაში მიიღო კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ. სენატის თანხმობის შემდეგ კანონპროექტი ხელმოსაწერად გაეგზავნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
თავდაცვის ბიუჯეტი ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასის თითქმის 4%-ით გაზრდას, სამხედრო ტექნიკის შეძენას და ზომების მიღებას აშშ-ის მთავარ მეტოქეებთან, რუსეთსა და ჩინეთთან კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად.
ახალი ბიუჯეტი ითვალისწინებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში 400-400 მილიონი დოლარის გამოყოფას უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში. თანხა განკუთვნილია ამერიკული კომპანიებისგან უკრაინისთვის იარაღის შესაძენად.
აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტით 175 მილიონი დოლარია გამოყოფილი ბალტიის ქვეყნების თავდაცვის საჭიროებებისთვის. ამავე კანონით ევროპაში აშშ-ის ჯარების რიცხოვნობა 76 ათასზე ნაკლები არ უნდა იყოს.
განახლება: 18 დეკემბერს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს და ის ოფიციალურად ამოქმედდა.
ფორუმი