Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ლილუაშვილის პატიმრობის საკითხი დახურულ სხდომაზე განიხილება


გრიგოლ ლილუაშვილი
გრიგოლ ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსისთვის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხი დახურულ სხდომაზე განიხილება. გადაწყვეტილება პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო, რომელსაც არ ეთანხმებოდა ბრალდებულის ადვოკატი.

„რომ არ გახმაურდეს მოწმეთა სახელები, გვარები და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და შინაარსი და შესაბამისად, საფრთხე არ შეექმნათ მათ, ამის გათვალისწინებით მიზანშეწონილი იქნება დაიხუროს დღევანდელი სასამართლო სხდომა...

ქოლ-ცენტრების ნაწილში გამოკითხული არიან ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან და არ დასახელებულან გენერალური პროკურორის ბრიფინგზე“, - თქვა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი არ ეთანხმებოდა სხდომის დახურვას, იმის მიუხედავად, რომ მას გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.

„ჩვენ ვართ ცოტა სხვა მოცემულობაში... ბრალდების მხარე ითხოვს სხდომის დახურვას იმ მოტივით, რომ არსებობენ მოწმეები, რომელთა ვინაობის გამხელაც არ სურთ... გუშინდელ ბრიფინგზე დასახელდა საქმეები და წრე. ამიტომ ამ საბაბით არ მიმაჩნია სხდომის დახურვა მიზანშეწონილი... არ ვუჭერ მხარს დახურვას: გვაქვს ღია ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაცია და უნდა ვიხელმძღვანელოთ გენერალური პროკურორის ინფორმაციით“, - თქვა გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილი გუშინ, 23 დეკემბერს, დილით პროკურატურის შენობაში დააკავეს, მას შემდეგ, რაც გამოკითხვაზე მივიდა. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეში საუბარია ოთხ ეპიზოდზე, მათ შორის, ერთ-ერთი ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობაა.

დღეს, 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილება. პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, ადვოკატი კი მის გათავისუფლებას. ლილუაშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ მზად არიან გადაიხადონ გირაოც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG