„აღნიშნულ ბრალდებაში ბატონი გრიგოლი თავს დამნაშავედ არ ცნობს... საქმის მასალები რომ გადმოგვეცემა და შევისწავლით, შემდეგ გვექნება პოზიცია... ბატონ გრიგოლს მიაჩნია, რომ არ შეიძლება მის წინააღმდეგ იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში არსებულ გარემოებებზე...
მე როგორც ვიცი, [ამოღებული] მისი პირადი მონაცემებია, ოჯახთან დაკავშირებული და არაფერი კანონსაწინააღმდეგო... არ ვუშვებ, რომ მისი სახლიდან ამოღებული მასალა იქნება მის წინააღმდეგ გამოყენებული... რამდენჯერ აგიხსენით, ეს არის მისი პირადი, ოჯახთან დაკავშირებული, არა სუსში საქმიანობასთან დაკავშირებული“, - ამბობს ადვოკატი.
მისივე თქმით, სასამართლო სხდომაზე მოითხოვენ გრიგოლ ლილუაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.
გრიგოლ ლილუაშვილი დღეს, 23 დეკემბერს, დილით, პროკურატურის შენობაში დააკავეს, მას შემდეგ, რაც გამოკითხვაზე მივიდა. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მისი დაკავების შესახებ საზოგადოებამ გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის ბრიფინგიდან შეიტყო. მისი თქმით, სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს ედავებიან ოთხ ეპიზოდს.
ბრალდების მიხედვით:
- ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას 2022 წლის ოქტომბერში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
- გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას 2022 წლის თებერვალში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
- 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის დახმარებით მიიღო $1 365 000;
- ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც ბაღების შესყიდვებიდან დიდი ოდენობის „ატკატებს“ იღებდა.
„ეტყობა, რაღაც დეტალები აინტერესებთ რაღაც საქმეზე, მართლა არ ვიცი რა საქმეა... ჩვენება არ მიმიცია არასოდეს, პირველად ვარ“, - განაცხადა ლილუაშვილმა პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე. ჟურნალისტების შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ დააკავონ, ლილუაშვილმა თქვა, რომ „ღვთის ნებაა ყველაფერი. ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ“.
17 ოქტომბერს პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი ბინების გაჩხრეკის შესახებ.
სუსის ხელმძღვანელის თანამდებობა გრიგოლ ლილუაშვილმა მიმდინარე წლის 2 აპრილს დატოვა. თავდაპირველად ითქვა, რომ რეგიონული განვითარების მინისტრად ნიშნავდნენ, 4 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.
მოგვიანებით დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრები და მისი ნათესავები:
- ბიჭიკო პაიკიძე, რომლის შვილის ნათლიაცაა გრიგოლ ლილუაშვილი.
- ბიზნესმენი ვანის 2017 და 2021 წლების მოწვევის საკრებულოებში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა;
- ბიჭიკო პაიკიძემ წლების წინ, 2016 წელს, „ქართულ ოცნებას“ 12 000 ლარი შესწირა;
- მას ქონებრივი დეკლარაცია არ აქვს შევსებული - როგორც საკრებულოს რიგით დეპუტატს, ამის ვალდებულება არ ჰქონია.
მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე, მასზე საგამოძიებო მასალა მოამზადა „სტუდია მონიტორმა“. პაიკიძე ამ მასალაში მოხსენიებული იყო, როგორც „სუსის პროტეჟე“.
- კობა ხუნდაძე, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი თანამშრომელი, ლილუაშვილის მეჯვარის ძმა, ასევე ბიზნესმენი. 22 ოქტომბერს სწორედ მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი;
- ანდრია (სანდრო) ლილუაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი, ინტერესებით სამშენებლო/დეველოპერულ ბიზნესსა და სატრანსპორტო სფეროში.
ფორუმი