AFRICOM-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტისა და პენტაგონის ხელმძღვანელის ბრძანებით და ნიგერიის ხელისუფლებასთან კოორდინაციით „ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს“ 25 დეკემბერს დაარტყეს ნიგერიის სოკოტოს შტატში. სარდლობის წინასწარი შეფასებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ბანაკებში „მოკლულია მრავალი ტერორისტი“.
AFRICOM-ის მეთაურის, გენერალ ანდერსონის განცხადებით, აშშ-ის არმიის აფრიკული სარდლობა ნიგერიელ და რეგიონულ პარტნიორებთან ერთად მოქმედებს ტერორიზმისა და უდანაშაულო ადამიანებზე ძალადობის წინააღმდეგ.
AFRICOM-ის ინფორმაციით, ნიგერიაში ჩატარებული ოპერაციის შედეგების შეფასება გრძელდება, ოპერაციის დეტალები კი არ გასაჯაროვდება ოპერატიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე.
ნიგერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უსაფრთხოების სფეროში აშშ-თან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ოპერაციის შედეგი იყო მაღალი სიზუსტის საჰაერო დარტყმები ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე.
ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში „ძლიერი და სასიკვდილო“ დარტყმის შესახებ თავის სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმაც.
დონალდ ტრამპის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ უპირველესი სამიზნე უდანაშაულო ქრისტიანები არიან, რომლებსაც სასტიკად კლავდნენ, ადრე მან ტერორისტები გააფრთხილა, რომ თუ ქრისტიანების მასობრივად განადგურებას არ შეწყვეტდნენ, ძვირად დაუჯდებოდათ და 25 დეკემბერს საღამოს ასეც მოხდა. ტრამპის თანახმად, მისი ხელმძღვანელობით აშშ არ დაუშვებს „რადიკალური ისლამური ტერორიზმის აყვავებას“.
პენტაგონმა სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე გააზიარა პრეზიდენტ ტრამპის ტექსტი და მას დაურთო ვიდეო, რომელზეც ჩანს სამხედრო გემიდან რაკეტის გასროლა.
2025 წლის ნოემბერში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნიგერიის ხელისუფლება ისლამისტებისგან ვერ იცავს ადგილობრივ ქრისტიანებს და არმიას უბრძანა, მოქმედებისთვის მზად იყოს.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების თანახმად, არ არსებობს საფუძველი ითქვას, რომ ნიგერიაში ქრისტიანებს უფრო ხშირად კლავენ, ვიდრე მუსლიმებს და საშუალოდ, ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი თანაბარია.
- ნიგერიაში მოქმედებენ შეიარაღებული რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებები „ბოკო ჰარამი" და „ისლამური სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში", რომლებიც ათ წელზე მეტია ატერორებენ ადგილობრივ მოსახლეობას.
- ნიგერიის მთავრობის თანახმად, ამ წლებში ექსტრემისტებმა ათეულობით ათასი ადამიანი მოკლეს.
ფორუმი