Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოცემა „მედუზის“ დამფუძნებელ გალინა ტიმჩენკოს დაუსწრებლად მიუსაჯეს ხუთწლიანი პატიმრობა


გალინა ტიმჩენკო(ფოტო არქივიდან)
გალინა ტიმჩენკო(ფოტო არქივიდან)

მოსკოვში დაუსწრებლად გაასამართლეს და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკული გამოცემის, „მედუზის“ დამფუძნებელ გალინა ტიმჩენკოს. ის „დამნაშავედ“ ცნეს „არასასურველი“ ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში.

გამოცემის ინფორმაციით, განაჩენი დღეს, 26 დეკემბერს გამოაცხადა მოსკოვის ჩერიომუშკის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ირინა კუზანმა. მან ტიმჩენკოს აუკრძალა ხუთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავებაც. პროკურატურა ტიმჩენკოსთვის 5-წლიან პატიმრობას და ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების 3-წლიან აკრძალვას ითხოვდა.

როგორც „მედუზა“ წერს, ადვოკატმა გალინა ტიმჩენკოს სისხლისსამართლებრივი დევნა სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების დარღვევად შეაფასა.

გამოძიების ვერსიით, ტიმჩენკომ „მედუზა“ შექმნა „ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწყობისა“ და „მოქმედი ხელისუფლების საშინაო და საგარეო პილიტიკის“ მიმართ „სიძულვილის განცდით“ და „არასასურველ" ორგანიზაციად „მედუზის" გამოცხადების შემდეგაც განიზრახა მისი საქმიანობის გაგრძელება.

რუსეთის შსს-ს გალინა ტიმჩენკო ძებნილად ჰყავს გამოცხადებული 2025 წლის ივნისიდან. ერთი თვით ადრე ცნობილი გახდა, რომ ტიმჩენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

პროკურატურამ ბრალის საბაბად გამოიყენა გალინა ტიმჩენკოს მიერ DW-სა და TV2media-სთვის 2024-2025 წლებში მიცემული ინტერვიუები, რომლებშიც აკრიტიკებს რუსეთის სახელმწიფო მოწყობას და პუტინს. ასევე „მედუზის” მკითხველებისადმი მიმართვა, რომელშიც ტიმჩენკო სთხოვს გამოცემას დაეხმარონ, მათ შორის ფინანსურად.

ინტერნეტგამოცემა „მედუზის” მთავარი ოფისი ლატვიის დედაქალაქ რიგაშია.

  • გალინა ტიმჩენკომ „მედუზა” 2014 წელს დააფუძნა მას შემდეგ, რაც ცენზურის გამო დატოვა რუსული გამოცემა Lenta.ru, რომლის მთავარი რედაქტორიც იყო. ტიმჩენკოსთან ერთად ეს გამოცემა დატოვა ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა.
  • გამოცემა „მედუზა” რუსეთში „არასასურველი ორგანიზაციაა” 2023 წლის იანვრიდან.
  • „არასასურველად“ გამოცხადება ნიშნავს, რომ ასეთ ორგანიზაციებს საქმიანობა ეკრძალებათ და დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
  • ორგანიზაციებს „არასასურველად“ აცხადებენ რუსეთის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით და შემდეგ იუსტიციის სამინისტროს შესაბამის რეესტრში შეაქვთ.

პუტინის ხელისუფლებას „არასასურველად“ ჰყავს გამოცხადებული არაერთი ავტორიტეტიანი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიაკომპანია. „არასასურველთა“ რეესტრში 2024 წლიდანაა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება.






ფორუმი

XS
SM
MD
LG