DW, რომელიც გერმანიის ბიუჯეტიდან ფინანსდება და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე ავტორიტეტიანი მედიასაშუალებაა, მაუწყებლობს 32, მათ შორის რუსულ ენაზე.
მედიაკომპანია რუსეთში „არასასურველი ორგანიზაციების“ რეესტრში 16 დეკემბერს შეიტანეს. სამი დღით ადრე, დუმაში არსებული „რუსეთის საქმეებში უცხოეთის სახელმწიფოების ჩარევის ფაქტების“ გამოძიების კომისიის თავმჯდომარე ვასილი პისკარიოვმა განაცხადა, რომ მიესალმებიან გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი დაუჭირა წინადადებას DW-ს „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადების შესახებ. დუმის დეპუტატის სიტყვებით, DW „მტრული ანტირუსული პროპაგანდის ავანგარდშია".
„ეს ვერ შეგვაშინებს“ - განაცხადა მედიაკომპანიის დირექტორმა ბარბარა მასინგმა. მისი შეფასებით, თავისუფალი მედიის გაჩუმების ეს ბოლო მცდელობაც აჩვენებს, როგორ ეშინია რეჟიმს დამოუკიდებელი ინფორმაციის.
DW-ს „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადება დაგმო გერმანიის მთავრობამ. მისი ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფან კორნელიუსის განცხადებით, გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ეშინია დამოუკიდებელი ინფორმაციის, განსაკუთრებით უკრაინაში ომის შესახებ.
2022 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც გერმანიამ აკრძალა რუსული პროპაგანდისტული ტელეარხის, RT-ს მაუწყებლობა, რუსეთის ხელისუფლებამ DW-ს მოსკოვის ბიურო დახურა და ქვეყნის ტერიტორიაზე ამ მედიაკომპანიის მაუწყებლობა აკრძალა. 2022 წლის მარტში DW „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს, 2025 წლის დეკემბრიდან კი უკვე - „არასასურველ ორგანიზაციად".
- „არასასურველად“ გამოცხადება ნიშნავს, რომ ასეთ ორგანიზაციებს რუსეთში საქმიანობა ეკრძალებათ და დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
- ორგანიზაციებს „არასასურველად“ აცხადებენ რუსეთის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით და შემდეგ იუსტიციის სამინისტროს შესაბამის რეესტრში შეაქვთ.
პუტინის ხელისუფლებას „არასასურველად“ ჰყავს გამოცხადებული არაერთი ავტორიტეტიანი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიაკომპანია.
2024 წლიდან „არასასურველთა“ რეესტრშია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება.
ფორუმი